გლდანულაში 29 წლის კაცი მოკლეს: პოლიციამ ეჭვმიტანილები ცხელ კვალზე დააკავა

საავადმყოფოში ამ დრომდე რჩება მკვლელობაში მხილებული პირი, რომელიც გარდაცვალებამდე 29 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა
Sputnik
თბილისი, 19 ივნისი - Sputnik. თბილისში, გლდანულას დასახლებაში 29 წლის მამაკაცი მოკლეს - მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მკვლელობა გუშინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს, 27 წლის კ.მ.-ს თავის 29 წლის ნათესავთან უთანხმოება ჰქონდა. მიმდინარე წლის 17 ივნისს მან თავის მეგობრებს - გ.მ.-ს, შ.ჭ.-ს და დ.მ.-ს შეხვდა და ხელკეტი, პირბადეები, ქურთუკები გადასცა, რათა მის ნათესავს ფიზიკურად გასწორებოდნენ. ოთხივე ახალგაზრდა კ.მ.-ს ნათესავის საცხოვრებელ კორპუსთან ერთ-ერთი მათგანის კუთვნილი ავტომობილით მივიდა.
ასევე დადგინდა, რომ დ.მ.-მ 29 წლის მამაკაცს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში მიაყენა ჭრილობა, რის შემდეგაც დაჭრილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დ.მ. დაჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, 29 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
დანაშაულში ბრალდებული სამი პირი სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.
რაც შეეხება მკვლელობაში მხილებულ დაჭრილ დ.მ.-ს, იგი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება, სადაც სამართალდამცველთა მეთვალყურეობით განაგრძობს მკურნალობას.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები - დანა, ხელკეტი და ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 225-ე, 375-ე და 376-ე მუხლებით.
27 წლის კ.მ. დაკავებულია ძალადობის ორგანიზების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, ხოლო 26 წლის გ.მ. და 18 წლის შ.ჭ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არიან დაკავებული.
დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
წყარო - შსს