ბათუმში „ტვ პირველის“ ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ტელეკომპანია „პირველის“ გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს
Sputnik
თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. ბათუმში „ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, ნაცემია ოპერატორი მურმან ზოიძე.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ინციდენტი 26 მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხმრავალ ადგილას მოხდა. ოპერატორი პირდაპირ ეთერში უფლებადამცველს რთავდა, როდესაც გადამღებ ჯგუფს თავს ხუთი პირი დაესხა და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდა.
ტელეკომპანიაში თვლიან , რომ თავდასხმა დაზარალებულის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება.

„აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების ჯგუფი ყვიროდა, რომ არ მოსწონდათ „ტვ პირველის" სარედაქციო პოლიტიკა“, - აღნიშნავენ ტელეკომპანიაში.

ტელეკომპანია „პირველის“ გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახური ინტენსიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით“, - აღნიშნულია საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მურმან ზოიძემ უკვე მისცა ჩვენება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. განყოფილებაში იყვნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც მომხდარი საკუთარი თვალით ნახეს.