თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. ყაზახეთი მოუწოდებს მსოფლიოს ბირთვულ სახელმწიფოებს ბირთვული იარაღის ლიკვიდაციის გეგმა შეიმუშაონ, ხოლო უკრაინის კონფლიქტი აჩვენებს კაცობრიობის მოწყვლადობას ამ მომაკვდინებელი იარაღის წინაშე, მიაჩნია საგარეო საქმეთა მინისტრ მუჰტარ ტლეუბერდის (Mukhtar Tleuberdi).
„უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი, საუბარი ბირთვული შეიარაღების დაბრუნებაზე და ბირთვული იარაღის გამოყენების ურთიერთმუქარები გვაიძულებს დავფიქრდეთ ისე როგორც არასდროს, ვიფიქროთ კაცობრიობის კოლექტიურ დაუცველობაზე და ამ მომაკვდინებელი იარაღის აკრძალვისა და ლიკვიდაციის გადაუდებელ აუცილებლობაზე“, - დაწერა მან თავის სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა ბირთვული იარაღის აკრძალვის ხელშეკრულების (TPNW) მონაწილე სახელმწიფოთა პირველი შეხვედრის წინ, რომელიც 21-23 ივნისს ვენაში გაიმართება, იტყობინება Sputnik-ყაზახეთი.
როგორც ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის ინფორმაციით, მთელ მსოფლიოში დაახლოებით 13.400 ბირთვული ქობინია განლაგებული.
ტლეუბერდიმ აღნიშნა, რომ ბირთვულ განიარაღებაში ყაზახეთის პრაქტიკული წვლილი აძლევს მას მორალურ უფლებას, მომავალშიც მოუწოდოს ხალხებს და მთავრობებს გააორმაგონ ძალისხმევა ურთიერთნდობის განმტკიცების საფუძველზე პლანეტის ბირთვული თვითგანადგურების საფრთხისგან გასათავისუფლებლად.
წყარო - Sputnik-ყაზახეთი.