თბილისი, 18 ივნისი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პარასკევს პეტერბურგის XXV საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და რიგ თემებს შეეხო.
სპეცოპერაციის შესახებ
რუსეთის გადაწყვეტილება სპეცოპერაციის ჩატარების თაობაზე იყო იძულებითი და აუცილებელი ნაბიჯი, განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
„დასავლეთმა პრინციპულად უარი თქვა ადრე აღებული ვალდებულებების შესრულებაზე. მასთან რაიმე ახალი შეთანხმების მიღწევა უბრალოდ შეუძლებელი აღმოჩნდა. ურთულეს სიტუაციაში, ჩვენთვის მზარდი რისკებისა და საფრთხეების ფონზე რუსეთის გადაწყვეტილება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ იყო იძულებითი, რთული, მაგრამ აუცილებელი“, - აღნიშნა მან.
როგორც პუტინმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება მიმართულია რუსებისა და დონბასის ხალხების დაცვისკენ, რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიდნენ გენოციდს კიევის მხრიდან.
ხორბლის გატანის შესახებ
არსებობს უკრაინული ხორბლის გატანის ხუთი-ექვსი ვარიანტი. რომელს აირჩევენ - ეს კიევის ხელისუფლების გადასაწყვეტია.
„მაგრამ საქმე ჩვენ არ გვეხება, საქმე ეხება იმ ადამიანების ადეკვატურობას, რომლებიც კიევში ხელისუფლების სათავეში არიან. გადაწყვიტონ, როგორც მოიქცევიან ამ შემთხვევაში, თუნდაც არ აიღონ გეზი თავიანთ პატრონებზე სადღაც საზღვარგარეთიდან, ოკეანის მიღმა“, - დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.
ყველაზე სავალალო ვარიანტია, თუ უკრაინა გაცვლის ხორბალს იარაღზე.
დასავლეთის პოლიტიკის თაობაზე
დასავლეთი უკრაინას იარაღით და სამხედრო მრჩევლებით ამარაგებს და არ იშურებს სახსრებს აგრესიისა და რუსოფობიის გასაღვივებლად.
„დასავლეთი არა მხოლოდ ისწრაფოდა ანტირუსული სცენარის რეალიზებისკენ, არამედ აქტიურად ითვისებდა უკრაინის ტერიტორიებს. ავსებდა უკრაინას იარაღითა და სამხედრო მრჩევლებით. ამის კეთებას დღესაც განაგრძობს... აღმოსავლეთში ნატოს პლაცდარმის შესაქმნელად, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იქნება მიმართული, აგრესიის, სიძულვილისა და რუსოფობიის გასაღვივებლად ფულს არ იშურებდნენ და არც დღეს იშურებენ“, - აღნიშნა პუტინმა.
თუ რომელიმე მეამბოხის მოთოკვა არ გამოსდის, დასავლეთი ცდილობს მის იზოლირებას, გაუქმებას, „იყენებს ყველა მეთოდს, სპორტსაც, ოლიმპიურ მოძრაობასაც, კულტურის, ხელოვნების შედევრების აკრძალვას ამა თუ იმ მიზეზით, რომ მათი ავტორები არასწორი წარმოშობის არიან“.
სანქციების შესახებ
ევროკავშირი წინასწარ კარგავს გლობალურ კონკურენტუნარიანობას რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გამო, განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
რუსეთის ლიდერმა რწმენა გამოთქვა, რომ ეკონომიკური ბლიცკრიგი რუსეთის წინააღმდეგ თავიდანვე განწირული იყო, როგორც ამას პრაქტიკა აჩვენებს.
რაც შეეხება ევროპაში ფასების ტოტალურ ზრდას, აქ თავისი „წვლილი“ შეიტანა სუსტმა ენერგეტიკულმა პოლიტიკამ, „ბრმა ფსონმა განახლებად წყაროებზე და ბუნებრივი აირის წერტილოვან მიწოდებაზე“. ამ ყველაფერმა ენერგიის ნახტომისებური გაძვირება გამოიწვია.
სანქციების ციებ-ცხელების შედეგად ევროკავშირის პირდაპირმა დანაკარგმა შესაძლოა წელიწადში 400 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს.
„პუტინისებურ ინფლაციაზე“ საუბარი გათვლილია იმათზე, „ვინც წერა-კითხვა არ იცის“.
ყველანაირი საუბარი რუსული ვალუტის კურსზე დოლარის მიმართ - 200 რუბლი ერთი დოლარი - და სხვა დასავლური პროგნოზები - საინფორმაციო ბრძოლის ნაწილია.
სანქციების მიუხედავად, რუსეთის წინაშე იხსნება ახალი შესაძლებლობები ეკონომიკის ასაშენებლად, რომელიც სრული ტექნოლოგიური, სამრეწველო, საკადრო და სამეცნიერო პოტენციალის მფლობელი იქნება.
პეტერბურგის საიუბილეო XXV საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი 15-18 ივნისს იმართება.