ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა

მხარეებმა საუბრისას ყურადღება დაუთმეს რეგიონში არსებულ ვითარებას და არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.
Sputnik
თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად, სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით სომხეთში იმყოფება, ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მთავრობის მეთაურმი სომხეთში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს დილიჟანში შეხვდა.
კოლეგებმა შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა.
მხარეებმა საუბრისას ყურადღება დაუთმეს რეგიონში არსებულ ვითარებას და არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.
ასევე მზადყოფნა გამოითქვა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობაზე და არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებაზე.
უკვე 20 ივნისს ირაკლი ღარიბაშვილი ყატარში გაემგზავრება, სადაც ორდღიან ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს მთავრობის მეთაური ღონისძიების მონაწილეებს ფორუმის ერთ-ერთ პანელზე სიტყვით მიმართავს.
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის სფეროებში.
დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს ათობით საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.
წყარო - საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური