ქართული კინოს რეტროსპექტივას „მონანიება" დახურავს

კინომემკვიდრეობა ეროვნული კინოცენტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
Sputnik
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ეროვნული არქივის კინოდარბაზში გამართული რეტროსპექტივა „60-იანი წლების ქართული კინო“ დასასრულს უახლოვდება. ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.
საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და ეროვნული არქივის მიერ ორგანიზებული რეტროსპექტივა 27 მაისს გაიხსნა და 19 ივნისს დასრულდება.
„17-18 ივნისს, 19:00 საათზე ნაჩვენები იქნება მერაბ კოკოჩაშვილის „დიდი მწვანე ველი“ (1967) და რეზო ესაძის „ერთი ნახვით შეყვარება“ (1975). რეტროსპექტივა თენგიზ აბულაძის ფილმ „მონანიების“ (1984) ჩვენებით დაიხურება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რეტროსპექტივის ფარგლებში მაყურებელმა იხილა ციფრულად რესტავრირებული ქართული კინოკლასიკის გამორჩეული ფილმები:
„მაგდანას ლურჯა“ - თენგიზ აბულაძე და რეზო ჩხეიძე;
„ფერიცვალება“ - ლანა ღოღობერიძე;
„თეთრი ქარავანი“ - ელდარ შენგელაია და თამაზ მელიავა;
„გიორგობისთვე“ - ოთარ იოსელიანი;
„ალავერდობა“ - გიორგი შენგელაია;
„ფიროსმანი“ - გიორგი შენგელაია;
„XIX საუკუნის ქართული ქრონიკა" - ალექსანდრე რეხვიაშვილი;
„პირველი მერცხალი“ - ნანა მჭედლიძე;
„შერეკილები“ - ელდარ შენგელაია.
ფილმების აღდგენა ახლახან დასრულდა და მაყურებელმა ისინი ამ სახით პირველად იხილა.
კინოჩვენება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის (ვაჟა-ფშაველას №1) კინოდარბაზში მიმდინარეობს. დასწრება თავისუფალია.