ფეხბურთი: ქართველი ვეტერანები სომეხ თანატოლებთან დამარცხდნენ

ამხანაგური მატჩი სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა
Sputnik
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. ერევანში სომხეთისა და საქართველოს ვეტერანი ფეხბურთელების ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა - ქართველებმა ანგარიშით 1:4 წააგეს.
საქართველოს ნაკრები სხვადასხვა თაობის ფეხბურთელებით იყო წარმოდგენილი, მათ შორის იყვნენ ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, დავით მუჯირი, ზურაბ ხიზანიშვილი, გიორგი დემეტრაძე, დავით სირაძე, გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ასევე დავით ყიფიანის შვილიშვილი - დავით ყიფიანი უმცროსი. გუნდის მწვრთნელები ოთარ გაბელია და დავით მუჯირი იყვნენ.
საქართველო-სომხეთი. ლევან კობიაშვილი ვეტერანთა მატჩზე
სომხეთის ნაკრების შემადგენლობაში ფაქტობრივად გუნდის 2-3 წლის წინანდელი ლიდერები თამაშობდნენ – იურა მოვსისიანი, მარკოს პიზელი, ედგარ მანუჩარიანი, მოთამაშე-მწვრთნელი კი მეკარე რომან ბერეზოვსკი იყო. იყო მოქმედი მოთამაშეც.
საქართველო-სომხეთი. კარლენ მკრტჩიანი ვეტერანთა ამხანაგურ მატჩზე
დემეტრაძემ 21-ე წუთზე გაიტანა, მაგრამ მსაჯმა გოლი არ ჩათვალა. მანამდე კობახიძე პირისპირ გავიდა მეკარესთან, რომელმაც საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა და ცხადია, არბიტრმა წითელი ბარათით ამხანაგური მატჩი არც მას ჩაუმწარა.
საქართველო-სომხეთი. ალექსანდრე კობახიძე ვეტერანთა ამხანაგურ მატჩზე
მეორე ტაიმში, 32-ე წუთზე სომხებმა ანგარიში კრასნოდარის „ყუბანის“ მოქმედი მოთამაშის, არტურ სარქისოვის გოლით გახსნეს – როგორ მოხვდა ის ვეტერანებში, უცნობია. ოთხ წუთში იური მოვსესიანმა მასპინძელთა უპირატესობა გაზარდა, 45-ე წუთზე კი მარკოს პიზელიმ მესამე გოლიც გაიტანა.
საქართველო-სომხეთი. ბრძოლა ბურთისთვის. ალექსანდრე იაშვილი ვეტერანთა ამხანაგურ მატჩზე
53-ე წუთზე დემეტრაძემ მეორედ გამოიმუშავა პენალტი, რომელიც იაშვილმა უნაკლოდ გამოიყენა. მაგრამ ბოლო წუთზე ედგარ მანუჩარიანმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა და მოქმედი მოთამაშეებით გაძლიერებულმა სომეხმა ვეტერანებმა 4:1 მოიგეს.