თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. მსოფლიოში დაახლოებით 770 მილიონმა ზრდასრულმა არ იცის წერა და კითხვა, განაცხადა იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულემ.
მისი თქმით, მათგან დაახლოებით ორი მესამედი ქალია.
„მსოფლიოში 770 მილიონზე მეტ ზრდასრულსა და 126 მილიონ ახალგაზრდას მარტივი ფრაზების დაწერა და წაკითხვა არ შეუძლია“, – აღნიშნა აზულემ ზრდასრულთა განათლების მე-7 საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას.
მან მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს, გაზარდონ ძალისხმევები ზრდასრულთა განათლების უზრუნველსაყოფად.
გაეროს და იუნესკოს მონაცემებით, წიგნიერების ყველაზე სერიოზულ პრობლემებს აფრიკის ქვეყნები განიცდიან. ამ მხრივ ანტირეკორდი სომალის ეკუთვნის, რომლის 15 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის მხოლოდ 5%-ს შეუძლია წერა-კითხვა. მეორე ადგილზეა ჩადი (22%), მესამეზე — მალი (31%).
იუნესკოს მონაცემებით, ბევრ ქვეყანაში განათლება კორონავირუსის პანდემიამ შეაფერხა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, სკოლების დახურვის გამო მსოფლიოს 500 მილიონზე მეტმა მოსწავლემ ან ვერ შეძლო წერა-კითხვის სწავლის გაგრძელება, ან საერთოდ სწავლის დაწყება.