თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. საქართველოში არ შემოუშვეს რუსი ბლოგერი ქალი ინსა ლანდერი (ინსა ოგუზი) „სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“, რადგან რუსეთში მას ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ედება ბრალად, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ინფორმაცია ინსა ოგუზის შესახებ რუსულენოვან ქართულ Telegram-არხებში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფება რუსულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსის“ და ქართულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „დარიალს“ შორის არსებულ ნეიტრალურ ზონაში. მას არ აქვს არც საკვები, არც წყალი. თავად ოგუზმა დაწერა, რომ სძინავს სკამზე და საკვებს კეთილი ადამიანები აწვდიან. მისივე თქმით, მასთან სახალხო დამცველის წარმომადგენელი არ დაუშვეს.
შსს-ს მონაცემებით, რუსეთის მოქალაქე საქართველოს საზღვარზე 12 ივნისს გამოცხადდა. აღნიშნულ პიროვნებას „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე, ვინაიდან იგი იძლეოდა აშკარად ცრუ და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას თავისი ვიზიტის მიზნების შესახებ.
შედგა შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ბლოგერს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა.
მეორე დღეს, 13 ივნისს ქალი კვლავ გამოცხადდა „დარიალის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე და მოითხოვა საერთაშორისო დაცვა.
„მისი განმარტებით, ის ბრალდებულია რუსეთის ფედერაციაში ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გამო და სასამართლოს მიერ შეფარდებული აქვს შინაპატიმრობა საქმის არსებით განხილვამდე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ქალი თავად გამოტყდა, რომ დაარღვია შინაპატიმრობის წესები, მოიხსნა ელექტრონული სამაჯური და საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ საქართველოში შემოსვლას აპირებდა.
„აღსანიშნავია, რომ მასობრივი ინფორმაციის წყაროებიდან ნამდვილად იკვეთება, რომ აღნიშნული პიროვნება არის ბრალდებული ისეთ მძიმე საერთაშორისო დანაშულში, როგორიც არის ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
იქვე აღნიშნულია, რომ ადამიანს შესაძლოა უარი ეთქვას საქართველოში შემოსვლაზე, თუ პირი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს, მათ შორის, თუ პირის საქართველოში ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, ან თუ პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ისეთ საერთაშორისო დანაშაულებთან დაკავშირებით, როგორებიცაა ტერორიზმი, ნარკოტიკების კონტრაბანდა, ადამიანით ვაჭრობა.
„ლტოლვილთა შესახებ კონვენციის“ (1951 წ.) 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც სრულ თანხვედრაშია ამ კონვენციის დებულებებთან, სახელმწიფოს ანიჭებს უფლებას შეზღუდოს უცხოელის ქვეყანაში შესვლა, როდესაც საკითხი ეხება სახელმწიფო უსაფრთხოებას“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
რუსი ბლოგერი ინსა ლანდერი ყაბარდო-ბალყარეთში 2021 წლის 9 დეკემბერს ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში გავრცელდა.