თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2022 წლის მაისში წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 169,4%-ით გაიზარდა და 505,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
ფულადი გზავნილების მოცულობით ამჟამად კვლავ რუსეთი ლიდერობს, რომელმაც რამდენიმე თვის მანძილზე პირველობა იტალიას დაუთმო.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 313,90 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 62,07%-ია.
მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან 888,73%-ით მეტი თანხა გადმოირიცხა.
2022 წლის მაისში მთლიანად ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 318,0 მლნ აშშ დოლარით (169,4%-ით) მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
რაც შეეხება საქართველოდან გაგზავნილი ვალუტის მოცულობას, 2022 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28,7 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 25,4%-ით მეტია.