თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გაფიცულ სტუდენტებს შეხვდა: შედეგები

იმ სტუდენტებს, რომლებიც ფინალური გამოცდების ჩაბარებას საგამოცდო ცენტრებში ვერ შეძლებენ, გამოცდებს სექტემბრისთვის გადაუტანენ.
Sputnik
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და სასწავლებლის ადმინისტრაცია 15 ივნისს პროტესტის მონაწილე სტუდენტებს შეხვდნენ და მათთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ განცხადებას უნივერსიტეტი ავრცელებს.
გასულ კვირაში უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფი, რომელიც სასწავლებლის რექტორის გიორგი შარვაშიძის გადადგომას მოითხოვს, მის კაბინეტში შეიჭრა და დაიკავა ის. მანამდე რეგიონებიდან ჩამოსულმა სტუდენტებმა არაერთხელ გამართეს საპროტესტო აქცია გამოცდების დისტანციურად ჩაბარების მოთხოვნით. მათი თქმით, თბილისში უძრავ ქონებაზე ფასები გაიზარდა, რის გამოც მათ დედაქალაქში ბინის დაქირავება უჭირთ.
სტუდენტები განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრას, რექტორის გადადგომას, ფინალური გამოცდების ონლაინ-რეჟიმში ჩატარებას ან დიდ ქალაქებში საგამოცდო ცენტრების დამატებას მოითხოვენ.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს სტუდენტთა აღნიშნული ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ძირითადი მოთხოვნები: სტუდენტური საერთო საცხოვრებლების საკითხი, უნივერსიტეტის ბიუჯეტის გამჭვირვალობა, რექტორის არჩევის წესი, ფინალური გამოცდების ფორმატი და სხვ.
ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ფინალური გამოცდები დაიწყება 20 ივნისს სამ საგამოცდო ცენტრში: თბილისში, ქუთაისსა და ახალციხეში.
იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ობიექტური გარემოებების გამო ვერ ახერხებს საგამოცდო პროცესში მონაწილეობას, მიეცემა საშუალება მიმართოს თავისი ფაკულტეტის ადმინისტრაციას, რომელიც შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში სტუდენტს შესთავაზებს გამოცდის გადატანას სექტემბერში.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ თითოეული მოთხოვნის შესაბამისად ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფები და პლატფორმები, სადაც სტუდენტები ადმინისტრაციასთან და აკადემიურ პერსონალთან ერთად შეძლებენ სამუშაო ფორმატში განიხილონ აქტუალური საკითხები, გამოიჩინონ ინიციატივა და მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი ცვლილებების განხორციელების პროცესში.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თემატური სამუშაო ჯგუფები უკვე მზადაა სტუდენტებთან შესახვედრად და კონსტრუქციულ ფორმატში სამუშაოდ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ სტუდენტებს სესიის დისტანციურად ჩაბარების უფლებაზე უარი უთხრა, რადგან ეს მათი ცოდნის შეფასების უსამართლო ფორმად მიაჩნია. მიუხედავად ამისა, უმაღლესმა სასწავლებელმა გაითვალისწინა სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონებში დამატებითი საგამოცდო ცენტრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.
თსუ-ში გაფიცვა გრძელდება: პროცესში სახალხო დამცველი ჩაერთო >>
დღეისათვის თსუ-ის 3,5 ათასზე მეტ სასწავლო კურსზე 24 ათასი სტუდენტი სწავლობს, მათ შორის არიან უცხოელი სტუდენტებიც.
2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შემდეგ ქვეყნის განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებს მისცა სწავლების ფორმის არჩევის თავისუფლება – ონლაინ რეჟიმში, ჰიბრიდული თუ დასწრებული ფორმით.
წყარო - თსუ-ის ვებ-გვერდი