სტიქიამ კახეთში პრობლემები შექმნა

ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
Sputnik
თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. ძლიერმა წვიმამ და სეტყცამ ახმეტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტების სოფლები აზარალა, იუწყება „პირველი არხი“.
კერძოდ, ახმეტის სოფელ კასრისწყალში ძლიერი წვიმის შედეგად საჯარო სკოლის ეზო დაიტბორა. მთის ფერდობებიდან ჩამოსულმა ნიაღვარმა დაფარა შენობის ეზო, სარდაფი, საპირფარეშოები და დამხმარე სათავსოები. გარდა ამისა, წყალმა დააზიანა სოფლის შიდა გზები, ძლიერმა ქარმა კი დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
როგორც სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა ღლიღვაშვილმა განაცხადა, სკოლის სარდაფიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს სამაშველო ბრიგადა ხვალ დილიდან შეუდგება.
ასევე, გურჯაანის სოფელ ჩუმლაყში სეტყვამ ატმის ბაღების ნაწილი დააზიანა. გავრცელებული ინფორმაციით, სეტყვა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა ატმისა და ყურძნის მოსავლის ნაწილი.
სეტყვამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა სოფელ ახაშენსაც – დაზიანებულია დაახლოებით 700 ჰექტარი მიწის ფართობზე გაშენებული ვენახების, ატმის, გარგარისა და ვაშლის ბაღების 70-80%.
გურჯაანის მერიის ინფორმაციით, ზარალის ზუსტი რაოდენობა, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობას დაასრულებს.
წყარო - „პირველი არხი“