თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. სახელმწიფო პროგრამის „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობა“ ფარგლებში დარიცხული აგროქულები 132.729 ფერმერმა უკვე გაააქტიურა, ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს განცხადებაში.
პროგრამის ფარგლებში სუბსიდიას იღებენ 0,25-დან 1,25 ჰექტრამდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები, 1 ჰექტარზე 300 ლარის (აგრობარათზე დარიცხული 300 ქულის) გაანგარიშებით.
ქულების გამოყენება შესაძლებელია სპეციალიზებულ მაღაზიებში სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად. ესაა ჰერბიციდები, პესტიციდები, სათესლე მასალები, სასოფლო-სამეურნეო იარაღები და სხვ. საქართველოს მასშტაბით პროგრამის ბენეფიციარ ფერმერებს 500-ზე მეტი სავაჭრო ობიექტი ემსახურება.
სამთავრობო პროგრამა 10 მაისს ამოქმედდა, მისი ბიუჯეტი 35 მლნ ლარს შეადგენს. ამ დროისათვის ობიექტებში უკვე განაღდებულია 11.390.867 ლარი.
პროგრამის ბენეფიციარებისთვის აგრობარათებზე თანხის დარიცხვა ეტაპობრივად ხორციელდება. დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2022 წლის 30 ნოემბერია. ამის შემდეგ დარიცხული ქულები გაუქმდება.
სააგენტოში შეახსენებენ ფერმერებს, რომ ბარათის გასააქტიურებლად ან ახალი ბარათის ასაღებად, ბანკში ვიზიტამდე აუცილებელია „ლიბერთი ბანკის“ ვებ-გვერდზე myliberty.ge გადაამოწმონ ინფორმაცია მათ ბარათზე ქულების დარიცხვის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ ეწვიონ „ლიბერთი ბანკის“ მათთვის მოსახერხებელ ფილიალს.