წილკანში ლოკოკინების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

კომპანია ყოველწლიურად 1.000 ტონა ლოკოკინას გადაამუშავებს და მიღებულ პროდუქტს მთლიანად ექსპორტზე, კერძოდ, საფრანგეთში გაიტანს.
Sputnik
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. მცხეთა-მთიანეთის მხარეში, სოფელ წილკანში კომპანია „ტიმეოს“ ლოკოკინების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა. ინფორმაციას ტელეკომპანია „პირველი არხი“ ავრცელებს.
ლოკოკინების გადამამუშავებელი საწარმო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით გაიხსნა. საწარმოს გახსნას ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდნენ.
კომპანია „ტიმეო“ სააგენტოს საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით სარგებლობს და მან პროგრამის ფარგლებში 1,5 მილიონი ლარის სესხი მიიღო. კომპანიამ ლოკოკინების გადამამუშავებელი საწარმოს ასაშენებლად დაახლოებით 7 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
გავრცელებული ინფორმაციით, უმაღლესი სტანდარტების ქარხანას მინიჭებული აქვს უნიკალური საწარმოს კოდი და CE სერტიფიკატი. საწარმოში ამ ეტაპზე 100 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის ადგილობრივები.
წილკანში მდებარე ლოკოკინების ახალი საწარმო ყოველწლიურად 1.000 ტონა ლოკოკინას გადაამუშავებს და მიღებულ პროდუქტს მთლიანად ექსპორტზე, კერძოდ, საფრანგეთში გაიტანს.
კომპანია „ტიმეომ“ უკვე გააფორმა ხელშეკრულება ფრანგულ კომპანიასთან, რომელიც მთლიანად შეისყიდის ქართული საწარმოს მიერ გადამუშავებულ ლოკოკინას.
ლოკოკინების წარმოება ფერმერებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი მიმართულებაა – ერთი ჰექტარიდან მიღებული შემოსავალი რამდენიმე ათეულ ათას ევროს შეადგენს.
ქართული ლოკოკინის პირველი პარტია იტალიაში გაიგზავნა >>
იანვარში საქართველო იმ ქვეყნების ნუსხას დაემატა, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინების ექსპორტი დაშვებულია. აღნიშნული რეგულაციის მიღებას წინ უძღოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების და პროდუქტის ხარისხის კონტროლის მიზნით გატარებული ღონისძიებები.
მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში ლოკოკინის წარმოების შექმნისა და განვითარების მიმართულებით ჯამში 10 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 38 სესხია გაცემული, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაცემულმა თანადაფინანსებამ 824 ათას ლარზე მეტი შეადგინა. აპრილშივე საქართველომ ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინის ექსპორტი დაიწყო – 3 ტონამდე ქართული ლოკოკინის პირველი პარტია იტალიაში გავიდა.