ექსპორტის რეკორდული ზრდა - პრემიერი ტვირთბრუნვის მაჩვენებლებით კმაყოფილია

რეგიონში, კერძოდ, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა უპრეცედენტო მაჩვენებელია, აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
Sputnik
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის იანვარი–მაისში 37%-ით გაიზარდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით და 6,9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში საქართველოში შემოვიდა 4,8 მლრდ დოლარის პროდუქცია, რაც 2021 წლის იანვარი–მაისის მაჩვენებელზე 37%-ით მეტია.
ექსპორტმა 2 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2021 წლის იანვარი–მაისის მაჩვენებელზე თითქმის 36,2%-ით მეტია.
2022 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2,7 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 38,1%-ით მეტია.
ვიცე-პრემიერი: საქართველოში შესაძლოა დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იყოს>>>
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ეს ტენდენცია მაისშიც გაგრძელდა.

„ასევე დაფიქსირდა ექსპორტის რეკორდული რაოდენობა არა მხოლოდ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, არამედ ყველა სხვა თვეებთან შედარებით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საგარეო გამოწვევების ფონზე ექსპორტი მაისში 48,4%-ით გაიზარდა და შეადგინა 504,4 მილიონი დოლარი.
ღარიბაშვილის განმარტებით, რეგიონში, კერძოდ, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა უპრეცედენტო მაჩვენებელია.
„ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა. ექსპორტი, ტურიზმი, ზოგადად, ეკონომიკური ზრდა გვაქვს ორნიშნა, რომელიც არის უპრეცედენტო ასეთ ვითარებაში მთელ მსოფლიოში, არა მხოლოდ ევროპაში. პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა გვქონდა 14,4% და ოთხ თვეში – 10,8%, რაც მართლაც იშვიათობაა“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2021 წელს 25,6%-ით გაიზარდა 2020 წელთან შედარებით და შეადგინა 14,3 მლრდ დოლარი (არაორგანიზებულივაჭრობის გაუთვალისწინებლად), ამასთან, გასულ წელს 4,2 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა – 26,9%-ით მეტი 2020 წელთან შედარებით.