თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. ქართველი მილიარდერის, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების შემოღება შეუძლებელია, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა.
გასულ კვირაში ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით კრიტიკული რეზოლუცია მიიღო, რომლის ერთ-ერთ პუნქტში ივანიშვილის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების შემოღების შესახებ რეკომენდაციაა ჩაწერილი.
„ბიძინა ივანიშვილი ვერ დაისჯება სანქციებით, რადგანაც ისინი (ევროდეპუტატები) ადამიანს ქვეყნის სიყვარულის გამო სანქციებს ვერ დაუწესებენ. ეს ადამიანი არ არის მარტო, მას ჰყავს საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი საქართველოს მოსახლეობაში და მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცას რაღაც უნდა, ასე ვერ მოხდება“, – განაცხადა კახიშვილმა ტელეკომპანია PosTV-ს ეთერში.
როგორც ადრე მილიარდერის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, ივანიშვილი მშვიდად უყურებს მის წინააღმდეგ სანქციების შემოღების საკითხს.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ივანიშვილი პრაქტიკულად 4 მარტიდან ცხოვრობს სანქციების პირობებში, რადგან შვეიცარიული ბანკიდან ფულს ვერ იღებს.
ჯერ კიდევ 2022 წლის 4 მარტს ბენეფიციარებმა მოითხოვეს თანხის გადახდა, რაც შვეიცარიული ბანკ Credit Suisse-ის მიერ დაფუძნებულმა Green Vals Trust-მა მხოლოდ 2022 წლის 4 აპრილს დაამტკიცა, 11 აპრილს კი ბენეფიციარებს თანხები უნდა მიეღოთ.
ივანიშვილის წარმომადგენლის თქმით, ჯერ კიდევ 14 აპრილს მისმა კლიენტმა მიაწოდა ყველა საჭირო ინფორმაცია სატრასტო ფონდიდან მისი დეპოზიტების დაბრუნების შესახებ, მაგრამ 19 მაისს პროცესი კვლავ შეჩერდა, რადგან ბანკის წარმომადგენლებმა ისევ იგივე დოკუმენტები მოითხოვეს.
ადვოკატის განმარტებით, აღნიშნული მხოლოდ ერთ-ერთია იმ ორი პრობლემიდან, რომელიც Credit Suisse-თან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს გააჩნია. კერძოდ, ბერმუდის სასამართლომ ერთი საკითხი უკვე გადაწყვიტა ივანიშვილის სასარგებლოდ და მისი მხარე ელოდება ანალოგიურ გადაწყვეტილებას მსგავს საქმეზე, რომელსაც სინგაპურის სასამართლო განიხილავს.