უხვმა ნალექმა საგურამოში კვლავ პრობლემები შექმნა - სტიქიის ვიდეო

ძლიერი წვიმის გამო ბიწმენდი-ახატანის ხეობაში წყლის დონემ აიწია, რაც სოფელ ბიწმენდის წყალმომარაგების სისტემის შეკეთებას უშლის ხელს.
Sputnik
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. ძლიერი წვიმის შედეგად საგურამოში გზა დაიტბორა.
მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები გზას ნაშალი მასისგან წმენდენ. ნაშალი მიწა გზის სავალ ნაწილზე უხვი ნალექის გამო დაგროვდა. ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს“ საგურამოს რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოთარ ბიჩნიგაურმა განუცხადა.
გარდა ამისა, თავსხმა წვიმის გამო ბიწმენდი-ახატანის ხეობაში წყლის დონემ მკვეთრად მოიმატა. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, სტიქია ხელს უშლის წყალგაყვანილობის სისტემის შეკეთებას, რომლითაც სოფელ ბიწმენდს წყალი მიეწოდება.
უამინდობამ პრობლემები შეუქმნა მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს ერთი კვირის წინაც.
7 ივნისს ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად საგურამოში მიწა ჩამოიშალა.
ქვისა და ხრეშის მასა მთავარ გზაზე ჩამოწვა. დაიტბორა სახლებისა და მაღაზიების პირველი სართულები, დაზიანდა ეზოები, შეფერხდა ტრანსპორტის მოძრაობა.
უამინდობამ ერთი დღით უწყლოდ დატოვა როგორც საგურამოს მცხოვრებლები, ისე თბილისის მცხოვრებთა ნაწილიც. მიზეზი საგურამოს წყალსადენის სათავო ნაგებობის დატბორვა გახდა.