თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველის აპარატი ფაქტობრივად პოლიტიკურ ორგანიზაციად აქცია, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
ორი დღის წინ ლომჯარიამ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება კონსტიტუციას არღვევს, რადგან არ ასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებს დემოკრატიული რეფორმების ჩატარების შესახებ. ეს იმ დროს, როცა კონსტიტუციაში არსებობს ჩანაწერი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის შესახებ. ომბუდსმენის თქმით, ისტორია დაიმახსოვრებს „ყველა უქნარას და მედროვეს“, ვინც ახლა მთავრობაში ან პარლამენტშია და მშვიდად უყურებს, როგორ ნადგურდება საქართველოს „უკეთესი მომავლის პერსპექტივა“.
„ისტორია ყველაფერს იმახსოვრებს, მაგრამ ამას შემდეგ საზოგადოება აფასებს, საზოგადოების მხრიდან კი მისი ფუნქციონირება საკმაოდ ნეგატიურად არის შეფასებული. არც მისი არჩევის დროს იყო პოზიტიური დამოკიდებულება, თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ადამიანისთვის, ვისაც არასამთავრობო სექტორში ჰქონდა გამოცდილება, მიგვეცა შანსი, ეს გამოეყენებინა ხალხის უფლებების დასაცავად“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
დეპუტატის თქმით, ომბუდსმენმა „ხალხი ორად გაყო“.
„მისთვის „სახალხო დამცველი“ ნიშნავს რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების უფლებების დამცველს. დანარჩენ საზოგადოებას ხალხად არ მიიჩნევს, შესაბამისად, მათზე, მისი აზრით, ადამიანის უფლებებიც არ ვრცელდება. ეს არის მისი არასწორი პოზიცია, რომელსაც, ალბათ, მალე ექნება დასასრული, რადგან მას ვადა გაუვა“, – აღნიშნა მან.
ლომჯარია არაერთხელ გამხდარა „ქართული ოცნების“ მხრიდან კრიტიკის ობიექტი. ბოლოს კრიტიკის საბაბი გახდა მისი მიმართვა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელსაც მან ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდა.
სახალხო დამცველის განცხადებას გვარამიას სასჯელთან დაკავშირებით მმართველ პარტიაში „პოლიტიკური და არა სამართლებრივი“ უწოდეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს გვარამიას მაღალი თანამდებობები ეკავა. მათ შორის, იყო გენერალური პროკურორის მოადგილე, იუსტიციის მინისტრი, განათლების მინისტრი. ჟურნალისტიკას მან მას შემდეგ მიჰყო ხელი, რაც 2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა.
სისხლის სამართლის საქმე ეხება ტელეარხ „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად მუშაობის პერიოდს, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მკვეთრად ოპოზიციური არხი გახდა. ტელეკომპანიაში გვარამიამ 2019 წლის ივლისამდე იმუშავა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 მაისს ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო.