მსოფლიო დღეს

რუსეთმა ენერგორესურსების ექსპორტიდან 100 დღეში 93 მლრდ ევრო მიიღო - CREA-ს ონლაინ დიაგრამა

Sputnik
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის „სამხედრო სპეცოპერაციის“ პირველი 100 დღის განმავლობაში რუსეთმა წიაღისეული ენერგომატარებლების ექსპორტიდან 93 მილიარდი ევროს შემოსავალი მიიღო, ნათქვამია ფინეთის ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (CREA) კვლევაში.
CREA-ს ექსპერტების მონაცემებით, ევროკავშირი კვლავაც რჩება რუსული გაზისა და ნავთობის უმსხვილეს იმპორტიორად. 24 თებერვლიდან 3 ივნისამდე პერიოდში მის წილად რუსეთის წიაღისეული საწვავის ექსპორტის 61% მოდის, რაც 57 მილიარდ ევროს შეესაბამება.
რაც შეეხება ცალკეულ სახელმწიფოებს, რუსული ენერგომატარებლების ყველაზე მნიშვნელოვანი იმპორტიორი (12,6 მლრდ ევრო) ჩინეთია, შემდეგ მოდიან გერმანია (12,1 მლრდ ევრო) და იტალია (7,8 მლრდ ევრო).
როგორც CREA-ს ანალიტიკოსი ლაური მილუვირტა წერს, იმ ფონზე, როცა ზოგმა სახელმწიფომ (პოლონეთმა, ფინეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა) რუსული ენერგორესურსების იმპორტი შეამცირა, ზოგმა, პირიქით, შესყიდვები გაზარდა. ასეთთა შორის არიან ჩინეთი, ინდოეთი და ევროკავშირის წევრი საფრანგეთი.

„სანამ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესაძლებლობას განიხილავს, საფრანგეთმა იმპორტი გაზარდა, რითაც რუსული თხევადი აირის უმსხვილესი მყიდველი გახდა მსოფლიოში“, — განაცხადა ფინელმა ექსპერტმა.

მისი აზრით, პარიზის განცხადებები მის ქმედებებს უნდა ემთხვეოდეს.
ივნისის დასაწყისში ევროკავშირმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა სანქციები ჯერჯერობით არ ვრცელდება რუსულ გაზზე, რომელზეც ევროკავშირი დიდად არის დამოკიდებული.
წყარო: CREA