GORBI: საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთ-უკრაინის ომში ქვეყნის ჩაბმის წინააღმდეგია

გამოკითხულთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ ეთანხმება მთავრობას, არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკურ სანქციებს
Sputnik
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებით, რესპონდენტთა 69,8% მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა სწორად მოიქცა, როდესაც არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკურ სანქციებს, რადგან მისი განცხადებით, ეს სანქციები ვერ დააზარალებდა რუსეთს, თუმცა სერიოზულ ზიანს მიაყენებდა ქართულ ეკონომიკას და მოსახლეობას.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ" მიმდინარე წლის 2-7 ივნისს ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით ტელეფონით გამოიკითხა 1001 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 3 პროცენტს.
მთავრობის ამ ნაბიჯს არ ეთანხმება გამოკითხულთა 27,1%, ხოლო 3,1%-მა პასუხი ვერ გასცა.
გარდა ამისა, გამოკითხულთა 77,6% ეთანხმება „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, არ ჩართოს საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში. შეკითხვაზე უარყოფითი პასუხი გასცა რესპონდენტთა 20,8%-მა, პასუხი ვერ გასცა 1,6%-მა.
Gorbi-ს გამოკითხვით, შეკითხვაზე: ყველაზე მეტად ვინ არის დაინტერესებული საქართველოში გაიხსნას მე-2 ფრონტი რუსეთთან?, პასუხევი ასე გადანაწილდა:
„ნაციონალური მოძრაობა“ - 28,5%;
რუსეთი -12,4%;
აშშ - 12,4%;
უკრაინის მთავრობა - 8,6%;
საქართველოს მთავრობა - 2,1%;
ევროკავშირი - 1,2%;
არცერთი - 12,6%
არ ვიცი - 22,2%
შეკითხვაზე: „თუ დასავლეთი მოსთხოვს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია?“ უმრავლესობამ - 83,6%-მა უპასუხა, რომ საქართველო არ უნდა ჩაებას ომში, 11,5% ამბობს, რომ საქართველო უნდა ჩაებას ომში; 4,9% კი ამბობს, რომ არ იცის.
შეკითხვაზე: „ოპოზიციის ნაწილი დასავლეთს სთხოვს „ქართული ოცნების“ ლიდერებს სანქციები დაუწესოს, ეთანხმებით?“ დადებითად გამოკითხულთა მხოლოდ 28,9%-მა უპასუხა. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება რესპონდენტთა 66,2%, 4,9%-მა პასუხი არ გასცა.
კობახიძე ივანიშვილის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების შემოღებას დაუშვებლად მიიჩნევს >>
შეკითხვაზე: „თქვენი აზრით, დღევანდელი მოცემულობით, რამდენად იმსახურებს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს?“, გამოკითხულთა 85,9%-მა თქვა „იმსახურებს“, 10,9% კი მიიჩნევს, რომ „არ იმსახურებს“, 3,2%-მა პასუხი ვერ გასცა.
შეკითხვაზე: „თქვენი აზრით, მიხეილ სააკაშვილი სამართლიანად იხდის თუ არა სასჯელს?“ 64,4%-მა უპასუხა რომ სამართლიანად იხდის; 19,3% თვლის, რომ უსამართლოდ იხდის; 16,3% ამბობს, რომ არ იცის, ან უარს ამბობს პასუხზე.