საქართველო-ბულგარეთი: მატჩი ფრედ დასრულდა

ბულგარელები მთელი მატჩის განმავლობაში ძირითადად თავდაცვაზე იყვნენ ორიენტირებული და ეს გამოუვიდათ კიდეც.
Sputnik
თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. უეფას ერთა ლიგის 2022/2023 სეზონის მეოთხე ტურის მატჩი „დინამო არენაზე“ საქართველოსა და ბულგარეთს შორის ფრედ დასრულდა - 0:0.
ბულგარელები მთელი მატჩის განმავლობაში ძირითადად თავდაცვაზე იყვნენ ორიენტირებული და ეს გამოუვიდათ კიდეც.
მატჩის მე-8 წუთზე სტადიონზე მაყურებელმა აპლოდისმენტებით გაამხნევა „ბოტევის“ და ბულგარეთის ნაკრების მე-8 ნომერი, ნახევარმცველი ტოდორ ნედელევი, რომელიც ავარიაში მიღებული ტრავმის გამო ინგოროყვას საავადმყოფოში რჩება.
ბულგარეთის ნაკრების ჩამოსვლა თბილისში ავარიით დაიწყო - ორი ავტობუსი, რომლებსაც მოთამაშეები თბილისის აეროპორტიდან სასტუმროში გადაჰყავდა, ერთმანეთს გვირაბში შეეჯახა. ნახევარმცველმა ტოდორ ნედელევმა ქალა-ტვინის ტრავმა მიიღო, მას ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, მის რეაბილიტაციას სამი თვე დასჭირდება.
ჯგუფის მეორე მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა გიბრალტარის ნაკრები ანგარიშით 4:0 დაამარცხა. გამარჯვებულების გუნდში ბოიან მიოვსკიმ (14-ე და მე-16 წუთები) დუბლი შეასრულა, თითო გოლი ენის ბარდიმ (4) და დარკო ჩურლინოვმა (31) გაიტანეს.
საქართველოს ნაკრები ოთხი ტურის შემდეგ ჯგუფურ სატურნირო ცხრილში 10 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზეა ჩრდილოეთ მაკედონია (7 ქულა), შემდეგ მოდის ბულგარეთი (3) და გიბრალტარი (1).
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დარჩენილ ორ მატჩს საქართველოს ნაკრები სექტემბერში გამართავს.