თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. მოსკოვში მეტროს სადგურ „პუშკინსკაიასთან“„მაკდონალდსის“ ყოფილი ქსელის პირველი რესტორანი ახალი სახელწოდებით გაიხსნა - „გემრიელია და მორჩა“ (Вкусно и точка).
14 მარტს, უკრაინაში „სპეცოპერაციის“ ფონზე McDonald's-მა რუსეთში მუშაობის შეჩერების შესახებ განაცხადა. გადაწყვეტილება განპირობებულია შექმნილი „ოპერაციული, ტექნიკური და ლოგისტიკური სირთულეებით“.
„მოხარული ვარ წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი სახელწოდება - „ვკუსნო ი ტოჩკა“, - განაცხადა ახალი რუსული ბრენდის ხელმძღვანელმა ოლეგ პაროევმა.
მისი თქმით, ახალ მენიუში ზოგიერთი პროდუქტი არ იქნება - მაგალითად, Big Mac-ის ბურგერი და McFlurry-ის ნაყინი.
„ეს უკავშირდება იმას, რომ ეს დასახელებები, ბრენდები, მათი იერ-სახე და წარმოების ტექნოლოგია პირდაპირ ასოცირდება მაკდონალდსის ბრენდთან. მაგრამ მინდა დაგპირდეთ, რომ უახლოეს მომავალში გვექნება ამ პროდუქტების ღირსეული შემცვლელები, რასაც, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მომხმარებლები დააფასებენ და შეიყვარებენ“, - განაცხადა გენერალურმა დირექტორმა.
McDonald's-ის აბრის დემონტაჟი ნოვოსიბირსკში
© photo: Sputnik / Александр Кряжев
გარდა ამისა, მისი თქმით, საჭიროა ზოგიერთი პროდუქტის შეფუთვის შეცვლა.
ქსელის პირველი 15 ობიექტის გახსნა მოსკოვსა და მოსკოვის რეგიონში 12 ივნისიდან დაიწყო. ხვალ რუსეთში კიდევ 50 რესტორანი გაიხსნება, ივნისის ბოლომდე კი 200.