მცხეთის რესტორნის ეზოში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარედგინა

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კ.ნ.-ს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება
Sputnik
თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მცხეთაში, რესტორან „მარანი ჰოლში“ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, მიმდინარე წლის 7 ივნისს ბრალდებულმა რესტორან „მარანი ჰოლში“ ყოფნისას სხვის სახელზე რეგისტრირებული AERO PRECISION X15-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან უკანონოდ რამდენჯერმე გაისროლა.
პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი იმავე დღეს ამოიღეს.
ბრალდებულს ბრალი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, ბრალდებული კონსტანტინე ნატროშვილია. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ნატროშვილის გარდა, იარაღიდან გასროლას სხვა პირიც ახორციელებს.
წყარო - საქართველოს პროკურატურა