თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. IDS Borjomi-ს თანამშრომლები, რომლებიც უკვე მე-13 დღეა გაფიცულები არიან, ორშაბათს საპროტესტო აქციების გაგრძელებას თბილისში, მთავრობის კანცელარიის წინ აპირებენ, იუწყება აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირი LABOR.
„IDS ბორჯომის" თანამშრომლებმა 31 მაისს უვადო გაფიცვა გამოაცხადეს. გაფიცულების მოთხოვნებია: ორი თვის ხელფასების დარიცხვა, გათავისუფლებული 50-მდე ადამიანის უპირობოდ დაბრუნება, უვადო შრომითი ხელშეკრულებების დადება. ჯერჯერობით ისინი ქარხნების შესასვლელების პიკეტირებას ახდენენ.
„მიუხედავად დაშინების, შანტაჟის, მუქარის და იძულებისა გაფიცული ბორჯომელები ვერ გატეხეს, ვერ დაყვეს და ვერ დააპირისპირეს... 13 ივნისს დილის 07:00 საათიდან ყველას გელოდებით „ბორჯომის“ ქარხნების წინ. ვიწყებთ ბორჯომიდან და რადგან არ ისმის გაფიცულთა ხმა, ვაგრძელებთ თბილისში სახელმწიფო კანცელარიასთან“, - ნათქვამია განცხადებაში.
გაფიცულების თქმით, არავინ აპირებს შეეგუოს „ბორჯომის“ ქარხნის გაჩერებას, ქარხნის, რომელიც ომების დროსაც კი არასოდეს გაჩერებულა.
ამასთან, ჯერ კიდევ კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურმა IDS Borjomi Georgia-ს ხელმძღვანელობასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის დავების მოსაგვარებლად შუამავალი დანიშნა.
კომპანიას სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა ანტირუსული სანქციების გამო. მათი ანგარიშები გაყინულია. 19 მაისს კომპანიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კომპანია მზადაა თავისი წილის ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს საქართველოს მთავრობას. აღინიშნა, რომ თუ მთავრობა დათანხმდებოდა წინადადებას, ქარხნებში მინერალური წყლის წარმოება სრულად განახლდებოდა.
6 ივნისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კომპანიასთან მოლაპარაკებები პრაქტიკულად დასრულებულია და საკითხი მთავრობის მომავალი კვირის სხდომაზე გავა – სახელმწიფო IDS Borjomi-ს აქციონერი, თანამფლობელი გახდება და ამით აღნიშნული პრობლემა მოგვარდება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ დროისათვის ორივე ქარხანა მინიმალური დატვირთვით, მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის მუშაობს. გაფიცულების განცხადებით, ქარხნების მუშაობა სრულად პარალიზებულია და ადგილებზე მხოლოდ დირექცია რჩება.