აჭარის მთავრობის სახლთან ბათუმის ბულვარის მეიჯარეებმა აქცია გამართეს

მეიჯარეებს, პანდემიის პერიოდში დაწესებული შეზღუდვების გამო, ობიექტები დროებით სარგებლობაში პირდაპირი წესით გადაეცემოდა.
Sputnik
თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. აჭარის მთავრობის სახლთან ბულვარში დასაქმებულმა 150-მდე მეიჯარემ საპროტესტო აქცია გამართა, იუწყება „პირველი არხი“.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ბულვარის ტერიტორიაზე აუქციონის გაუქმებას და ტერიტორიების პირდაპირი წესით გადაცემას მოითხოვენ.
მეიჯარეების განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში ბულვარის ტერიტორიაზე აუქციონის გარეშე შეეძლოთ მუშაობა, აუქციონის გამოცხადებისთვის მზად არ იყვნენ და შემოსავლის ერთადერთ წყაროს კარგავენ.
„ბულვარში დასაქმებულები ვართ და ძირითადი შემოსავლის წყარო სწორედ აქ არის. აუქციონი გაუქმდეს და როგორც წინათ იყო, ისე შეგვეძლოს საქმიანობის გაგრძელება. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ დიდი თანხა გადაიხადონ და ჩვენ ამით უმუშევარი დავრჩებით”, - განაცხადა აქციის მონაწილემ.
ბულვარის ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებით კი, ჯერჯერობით უცნობია, ტურისტულ სეზონზე ბულვარის ტერიტორიაზე მეიჯარეებს ქონება რა ფორმით გადაეცემათ. მათი განმარტებით, გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება.
პანდემიის პერიოდში დაწესებული შეზღუდვების გამო, მეიჯარეებს ობიექტები დროებით სარგებლობაში პირდაპირი წესით, განაცხადის საფუძველზე გადაეცემოდა. ადგილის ქირის გარდა მოვაჭრე კისრულობდა ტერიტორიის დასუფთავების ვალდებულებას და დასუფთავების საფასურის გადახდას.
წყარო - „პირველი არხი“