ღარიბაშვილი: საქართველო არაფერს ითხოვს დაუმსახურებელს ევროკავშირისგან

თუ ევროკავშირის გადაწყვეტილება უსამართლო იქნება, მთავრობა საგანგებო განცხადებას გააკეთებს, განაცხადა ღარიბაშვილმა
Sputnik
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველო ითხოვს ევროკავშირისგან დამსახურებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველომ ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი 3 მარტს გააკეთა. სტატუსის მისაღებად საქართველომ 17 ივნისს ევროკომისიის რეკომენდაცია უნდა მიიღოს, ხოლო 22-23 ივნისს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების სამიტზე - ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა.
„ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ დაუმსახურებელს, მე ვითხოვ სამართლიან დამოკიდებულებას, დამსახურებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას, პატივისცემის გამოხატულებას. ამიტომ 17 ივნისს იქნება ევროკომისიის მოსაზრება და 23-24 ივნისს იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. ვინარჩუნებ ოპტიმიზმს, რომ ევროპაში გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც ევროპისა და საქართველოს ინტერესებში იქნება და არ იქნება რუსეთის ინტერესებში“, – აღნიშნა პრემიერმა.
ამავე დროს პრემიერმა აღნიშნა, რომ თუ ევროკავშირის გადაწყვეტილება უსამართლო იქნება, მთავრობა საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
„გადაწყვეტილება თუ იქნება უსამართლო, შეურაცხმყოფელი, ყველაფერს ავხდი ფარდას, ხალხს ვეტყვი ყველაფერს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილი: რეზოლუციას არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს >>
ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველომ ბევრი გააკეთა კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, მაგრამ რეფორმები ჯერ არ დასრულებულა.