მსოფლიო დღეს

იტალიის მთებში დაკარგული ვერტმფრენი ნაპოვნია: გადარჩენილი არავინაა

ვერტმფრენის ბორტზე, პილოტის გარდა, თურქეთის ოთხი მოქალაქე და ორი ლიბანელი იმყოფებოდა.
Sputnik
თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. იტალიელმა მაშველებმა ტოსკანისა და ემილია-რომანიას რეგიონების საზღვარზე 9 ივნისს გაუჩინარებული ვერტმფრენის კატასტროფის ადგილი და ნამსხვრევები იპოვეს, იუწყება ტელეარხი Rainews24.
გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე პილოტის გარდა, თურქეთის ოთხი მოქალაქე და ორი ლიბანელი იმყოფებოდა. ისინი ქალაქ ლუკადან, სადაც სამრეწველო გამოფენაზე იმყოფებოდნენ, ჩრდილოეთისკენ, ტრევიზოს პროვინციაში მიემგზავრებოდნენ.
ტელეარხის ინფორმაციით, ფრენა რთულ პირობებში მიმდინარეობდა: ვერტმფრენი გაქრა რადარებიდან აპენინის მთებში, მოდენას და რეჯიო-ემილიას მიდამოებში.
გაზეთი il Resto del Carlino იუწყება, რომ მაშველებმა ხუთი დაღუპულის ცხედარს მიაგნეს. აღინიშნა, რომ ავიაკატასტროფის შედეგად არავინ გადარჩენილა.
აღნიშნულია, რომ სამძებრო სამუშაოების მესამე დღეს, რომლებიც მხოლოდ ღამის საათებში წყდებოდა, მაშველებმა კუსნას მთაზე ნამსხვრევები და კრატერი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ ვერტმფრენს ეკუთვნის.
იტალიური გამოცემა la Gazzetta di Modena ასევე იტყობინება, რომ ერთ-ერთი მგზავრის შვილმა მიიღო მოკლე ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ვერტმფრენი ძლიერი ქარისა და ძლიერი წვიმის პირობებში მიფრინავს.
წყარო - Rainews24.