„არავის არ ვიწყალებ. მორჩით სპეკულაციებს!“ - პრეზიდენტი პოსტს აქვეყნებს

არავინ და არაფერი დგას ქვეყნის მომავალზე წინ, მათ შორის, არც სააკაშვილი და გვარამია, აღნიშნა პრეზიდენტმა.
Sputnik
თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით პოზიციას არ იცვლის, რაზეც პრეზიდენტი „ფეისბუქზე“ წერს.

„არა და არასოდეს, არავის არ ვიწყალებ, მორჩით სპეკულაციებს“, — ნათქვამია ზურაბიშვილის პოსტში.

მანამდე პრეზიდენტმა ბრიუსელში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ახლა მთავარია საქართველოს ევროინტეგრაცია და ქვეყნის მომავლის დაცვა, ხოლო კონკრეტულ პიროვნებებზე ზრუნვა ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის.
„მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. არავინ არის იმის ფასი, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვა. ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ არასდროს შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს. ექს-პრეზიდენტი 12 მაისიდან სამოქალაქო კლინიკაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შედეგად გაუარესდა, რომელიც მან დაკავებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბრიდან გამოაცხადა. ოჯახი და მისი მხარდამჭერები სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნას მოითხოვენ.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.