თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. სერბეთისა და თვითგამოცხადებული კოსოვოს რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანება შეუძლებელია ბელგრადისა და პრიშტინის ურთიერთაღიარების გარეშე, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.
მისი თქმით, სერბეთმა და კოსოვომ თავდაპირველად ერთმანეთთან შეთანხმება უნდა გააფორმონ.
„კოსოვომ და სერბეთმა უნდა მიაღწიონ ყოვლისმომცველ შეთანხმებას და [ევროკავშირის დიალოგში] სპეციალურ წარმომადგენელ მიროსლავ ლაიჩაკს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით... გასაგებია, რომ შეთანხმებამ უნდა გადაწყვიტოს კოსოვოსა და სერბეთის აღიარების საკითხი, რადგან ეს ორი ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის ნაწილი ერთმანეთის აღიარების გარეშე“, — განაცხადა შოლცმა კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტისთან შეხვედრაზე.
გერმანიის კანცლერი დღეს, 10 ივნისს ჩავიდა პრიშტინაში ოფიციალური ვიზიტით. შოლცი ასევე ეწვევა ბელგრადს, სადაც სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდება.
კოსოვომ 12 მაისს შეიტანა ევროპის საბჭოში გაწევრიანებაზე განაცხადი. სერბეთის პრეზიდენტმა ამ ნაბიჯს საერთაშორისო სამართლისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევა უწოდა. ვუჩიჩის თქმით, კოსოვოს ხელისუფლება ცდილობს „უკრაინის ვითარება“ საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს.
რაც შეეხება სერბეთს, მან ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2009 წელს გააკეთა. ევროკავშირის საბჭომ 2013 წლის დეკემბერში დაამტკიცა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. სერბეთის საგარეო პოლიტიკა ევროკავშირში გაწევრიანებას რუსეთთან და ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებით, ასევე შეერთებულ შტატებთან კავშირების განვითარებით ითვალისწინებს. ბელგრადი აპირებს შეინარჩუნოს სამხედრო ნეიტრალიტეტი, უარი თქვას ნატოსა და სხვა სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებში გაწევრიანებაზე.