მსოფლიო დღეს

ახალი ზელანდია ძროხებისა და ცხვრების ბოყინზე გადასახადის დაწესებას აპირებს

Sputnik
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა გეგმა, რომელიც ცხვრებისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ბოყინზე გადასახადის დაწესებას ითვალისწინებს, იუწყება BBC.
როგორც ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, ეს ატმოსფეროში სათბურის გაზების გაფრქვევასთან ბრძოლის ფარგლებში კეთდება, რადგან შინაური ცხოველების ბოყინი ჰაერში მეთანის გატყორცნის ერთ-ერთი უდიდესი წყაროა.
ახალი ზელანდია პირველი ქვეყანა იქნება, სადაც ფერმერებს ცხოველურ მეთანზე გადასახადის გადახდა მოუწევთ.
აღინიშნება, რომ დაახლოებით 5-მილიონიან ქვეყანაში ფერმერებს 10 მილიონამდე მსხვილფეხა რქოსანი ცხოველი და 26 მილიონი ცხვარი ჰყავთ. სწორედ სოფლის მეურნეობაზე მოდის ატმოსფეროში გატყორცნილი სათბურის გაზების, ძირითადად მეთანის, საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარი.
მიუხედავად ამისა, მანამდე სასოფლო-სამეურნო გამონატყორცნი არ შედიოდა ახალი ზელანდიის შესაბამის სქემაში, რომელსაც ხშირად აკრიტიკებდნენ გლობალური დათბობის წინააღმდეგ მებრძოლები.

„ეჭვი არ არის, რომ ატმოსფეროში გაფრქვეული მეთანის რაოდენობის შესამცირებლად რაღაც უნდა ვიღონოთ. სასოფლო-სამეურნეო გამონატყორცნზე ფასწარმოქმნის ეფექტური სისტემა საკვანძო როლს შეასრულებს ამ მიზნის მიღწევაში“, — განაცხადა ახალი ზელანდიის კლიმატის ცვლილების მინისტრმა ჯეიმს შოუმ.

მთავრობის გეგმის თანახმად, ფერმერებს გადასახადის გადახდა 2025 წლიდან მოუწევთ. ხელისუფლების ჩანაფიქრით, გადასახადი სტიმულს მისცემს ფერმერებს, რომ გამოიყენონ სპეციალური საკვები დანამატები და ასევე დაკავდნენ მეტყევეობით. რაც შეეხება სქემას, რომელიც საქონლის მიერ წარმოქმნილ მეთანს შეაფასებს, ის ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. ხელისუფლება მიღებული სახსრების სამეცნიერო კვლევებში ინვესტირებას გეგმავს, რომელიც სასოფლო-სამეურნეო სათბურის გაზების გამოფრქვევების შემცირებას მიეძღვნება.