მსოფლიო დღეს

სტოლტენბერგის ბერლინში ვიზიტი დიაგნოზის გამო გადაიდო

Sputnik
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბერლინში დღეისათვის დაგეგმილი ვიზიტი სარტყლისებრი ლიქენის დიაგნოზის გამო გააუქმა, იუწყება Reuters-ი ნატოს ანონიმ წყაროზე დაყრდნობით.
სატყლისებრი ლიქენი მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ვლინდება ტკივილითა და კანზე გამონაყრით.
მანამდე გერმანულმა გაზეთმა BILD-მა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მოკლე განცხადება გაავრცელა.

„ნატოს გენერალურმა მდივანმა გვაცნობა, რომ მისი ვიზიტი ბერლინში უახლოეს დღეებში არ შედგება“, — ციტირებს გამოცემა განცხადებას.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს რაიმე სხვა ინფორმაცია სტოლტენბერგის ვიზიტთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია.
დღეს იენს სტოლტენბერგი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და თავდაცვის მინისტრ კრისტინა ლამბრეხტს უნდა შეხვედროდა. შეხვედრა ივნისის ბოლოს მადრიდში ნატოს სამიტისთვის მზადებას უნდა დათმობოდა.
გერმანიის მთავრობის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე უნდა განხილულიყო „უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის გავლენა ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე“.
დღის წესრიგში, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ასევე იყო ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების, ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფციისა და ფინეთისა და შვედეთის ნატოში შესვლის საკითხები.