სკოლები, სადაც სსსმ ბავშვები სწავლობენ, ახლებურად დაფინანსდება

სკოლები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ყოველ მეხუთე მოსწავლეზე 700 ლარს მიიღებენ.
Sputnik
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოს სკოლები, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები სწავლობენ, მიიღებენ დამატებით დაფინანსებას ახალი სისტემით, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებაში.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ყოველ მეხუთე მოსწავლეზე სკოლები ამიერიდან 700 ლარს მიიღებენ.

თანხის გამოსაყოფად „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა" ვალდებული იქნება სამინისტროს ყოველთვიურად მიაწოდოს ინფორმაცია სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების რაოდენობის შესახებ, მათი პირადი მონაცემების მითითებით, აგრეთვე სკოლისა და კლასის შესახებ, სადაც ასეთი მოსწავლეები სწავლობენ.

სკოლებს შეუძლიათ დამატებითი თანხა რესურს-ოთახის აღსაჭურვად და ამ მოსწავლეების სხვადასხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად გამოიყენონ.
ეს თანხა ასევე შეიძლება მიმართული იყოს ინკლუზიური განათლების დამატებითი სპეციალისტების ხელფასზე – ფსიქოლოგის, ჟესტების ენის თარჯიმნის, ოკუპაციური თერაპევტის, მეტყველებისა და ენის თერაპევტის და ა.შ.