საქართველოში ლუდომანების რეგისტრაცია გრძელდება: რამდენი ადამიანი მოხვდა „შავ სიაში“

კანონში შესული ცვლილებების თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე კონკრეტული პირის ოჯახის წევრს უფლება აქვს შეუზღუდოს მას აზარტულ თამაშებზე წვდომა.
Sputnik
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. მიმდინარე წლის 1 მარტიდან იმ პირთა სიაში, რომელთაც აზარტული თამაშები ეკრძალებათ, 1.200-ზე მეტი ადამიანია შესული, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
გასული წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ონლაინ-კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრების ინიციატივით გამოვიდა. პირველ ეტაპზე ონლაინ-კაზინოებს გადასახადები 65–70%-მდე გაეზარდათ, აიკრძალა რეკლამა და აიწია ასაკობრივი ბარიერი 25 წლამდე, ასევე შეიქმნა იმ პირთა ბაზა, რომელთაც სათამაშო ბიზნესში მონაწილეობის მიღება ეკრძალებათ.

„მონაცემთა ბაზაში, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 1.200 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე – 14 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე – 1.105“, – ნათქვამია განცხადებაში.

კანონში შესული ცვლილებების თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე კონკრეტული პირის ოჯახის წევრს უფლება აქვს შეუზღუდოს მას აზარტულ თამაშებზე წვდომა. ახალი კანონი ავტომატურად უკრძალავს აზარტულ თამაშებში მონაწილეობას 25 წლამდე პირებს, სოციალურად დაუცველ პირებს, პოლიტიკოსებსა და საჯარო მოხელეებს.
აზარტული თამაშები საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა. ამ სექტორიდან შემოსავალი ბანკების შემოსავლებს აჭარბებს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით ათი ონლაინ-კაზინო, 90 ტოტალიზატორი და 6,4 ათასი სათამაშო აპარატია.