თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. 20 ივნისიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით ტვირთის ტრანზიტი ერთ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე 200-დან 350 ლარამდე იზრდება. მთავრობის დადგენილებაში შესაბამისი ცვლილება „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
ამასთან, საფასური იზრდება როგორც სატრანზიტო გადაზიდვებზე, ისე საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტით გასატანი ტვირთის გადაზიდვაზე.
საფასურის გაზრდის მიზეზს ფინანსთა სამინისტროში ხსნიან იმით, რომ მოქმედი ტარიფი 2010 წლის 1 აგვისტოს დაწესდა, მას შემდეგ კი საქართველომ საგრძნობლად გააუმჯობესა ინფრასტრუქტურა და გზების ხარისხი.
„აღსანიშნავია, რომ ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საჭიროებს მოვლა-პატრონობას, რაც შესაბამის ფინანსურ რესურსებს მოითხოვს“, – ნათქვამია განმარტებაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ასრულებს სატრანზიტო ჰაბის და ერთადერთი დერეფნის როლს სომხეთიდან რუსეთში და უკან საქონლის ტრანზიტისთვის.
წყარო - „საკანონმდებლო მაცნე“