თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველო არ აწვდის უკრაინას შეიარაღებას, რადგან არ სურს ახალი კონფლიქტი თავის ტეროტორიაზე, განაცხადა პარლამენტში, მინისტრის საათის ფარგლებში გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
საქართველოს ხელისუფლებაში არაერთხელ აღნიშნეს, რომ იცავენ საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაკისრებას არ აპირებენ, რადგან ეს პირველ რიგში თავად საქართველოს დააზარალებს. ამასთან, საქართველო ყველა საერთაშორისო ფორმატში უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს.
„უკრაინისათვის იარაღის გადანაწილების პროცესში ჩვენი არმონაწილეობის შეფუთვა, თითქოს საქართველო ჩამოშორდა საერთაშორისო თანამეგობრობას, არის სიცრუე და მიზნად ისახავს არამხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნის დისკრედიტაციას. უფრო მეტიც, ის, რომ ჩვენ ვერ ვაწვდით იარაღს უკრაინას, ამით მიგვაჩნია, რომ ჩვენ ვიცავთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესს და ვაზღვევთ საქართველოს ახალი კონფლიქტის რისკისგან", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ხელისუფლებას უკრაინაში მოხალისეების და იარაღის გაგზავნისკენ ოპოზიცია მოუწოდებს. საპასუხოდ ხელისუფლება ოპოზიციის ნაწილს სისტემატურად ადანაშაულებს იმაში, რომ მათ ქვეყნის ომში ჩათრევა სურთ. თუმცა, საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა მოუწოდა. მოგვიანებით ეს მოწოდება უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც გაიმეორეს.
24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.