თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. სასუქების მაღალმა ფასმა, რაც უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, ყველა ძირითადი მარცვლოვანი კულტურის დეფიციტი შეიძლება გამოიწვიოს, ეს კი „მილიარდობით ადამიანს“ შეეხება, განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა.
„სურსათის ფასები რეკორდულად მაღალია. სასუქების ფასები ორჯერ და მეტად გაიზარდა, რაც ყველგან შემაშფოთებელია. სასუქის გარეშე სიმინდისა და ხორბლის დეფიციტი გავრცელდება ყველა ძირითად კულტურაზე, ბრინჯის ჩათვლით, რასაც დამღუპველი გავლენა ექნება მილიარდობით ადამიანზე აზიასა და სამხრეთ ამერიკაში“, – განაცხადა გუტერეშმა გლობალურ სასურსათო, ენერგეტიკულ და ფინანსურ კრიზისებზე რეაგირების ჯგუფის ბრიფინგზე.
ორგანიზაციის გენერალური მდივნის თქმით, წელს სასურსათო კრიზისი დიდწილად სასუქების დეფიციტით არის განპირობებული, რამაც 2023 წელს შესაძლოა „სურსათის დეფიციტი“ გამოიწვიოს.
რუსეთის ფედერაცია და ბელარუსი, რომლებიც უკრაინის მოვლენების გამო დასავლეთის სანქციების ქვეშ მოექცნენ, მსოფლიოში კალიუმის სასუქების უმსხვილესი მწარმოებლები არიან. დაწესებული სანქციების შედეგად მსოფლიო ბაზრებზე ამ კატეგორიის საქონელზე წვდომა შეიზღუდა.