ანდრეი კოცი
„აზოვსტალის“ გარნიზონმა იარაღი დაახლოებით სამი კვირის წინ დაყარა, მაგრამ ქარხნის ტერიტორიას დონეცკელი და რუსი სამხედროები დღემდე წმენდენ. 12 ჰექტარზე გადაჭიმული სამრეწველო კომპლექსის შესწავლა მარტივი ამოცანა არ არის. შიგადაშიგ საშიშ ნივთებსაც აწყდებიან.
თითქმის განადგურებული
ჟურნალისტებისთვის „აზოვსტალში“ შესვლა მხოლოდ აღმოსავლეთიდანაა ნებადართული. შესასვლელთან უძრავად დგას ძველი საბჭოთა ტანკი Т-55.
ნამსხვრევებით მოკირწყლული გზა იმ ხიდისკენ მიდის, სადაც „აზოვსტალის“ გარნიზონმა იარაღი დაყარა და ტყვედ ჩაბარდა. აქედან კომბინატის მცირე ნაწილი ჩანს. ის პრაქტიკულად სრულადაა განადგურებული. ნანგრევების სურათი ჩრდილავს 1943 წლის სექტემბერში გადაღებულ ფოტოებსაც კი, როდესაც უკან დახევისას გერმანელებმა ყველა ძირთადი სამრეწველო ობიექტი ააფეთქეს. თეორიულად ყველაფრის ხელახლა აშენება შესაძლებელია. თუმცა ჯერ საჭიროა ტერიტორიის დიდი ნაწილის განაღმვა და ნანგრევებისგან გასუფთავება.
ქარხანა – ციხე-სიმაგრე
„აზოვსტალი“ ერთგვარი ქალაქია ქალაქში. საბჭოთა დროს აქ 41 საამქრო და 80 დიდი შენობა ააგეს. ოცი მარტო სასადილოა, ხოლო ბუნკერებსა და ტექნოლოგიურ ნაგებობებს ვინ მოთვლის.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადას და „აზოვის“ პოლკს „აზოვსტალი“ თავდაცვისთვის შემთხვევით არ შეურჩევიათ. მეტალისა და ბეტონის ლაბირინთებში ათასობით შესაძლო პოზიციაა სნაიპერებისთვის, ტყვიამფრქვევებისთვის. სქელი კედლები საიმედოდ იცავენ ტყვიებისა და ჭურვებისგან. მიწისქვეშა კომუნიკაციები დანაყოფების ერთი ადგილიდან მეორეზე გადასროლის შესაძლებლობას იძლევა. ფართო გასასვლელებში კი ადვილად ეტევა საბრძოლო ტექნიკა.
მძიმე არგუმენტები
„აზოვსტალი“ ალყაში მოაქციეს, მოზიდეს მსხვილკალიბრიანი ნაღმმტყორცნები, შეაშველეს ავიაცია და დაიწყეს მეტალურგიული კომბინატის მეთოდურად მიწასთან გასწორება.
ზოგიერთი საამქრო თითქმის სრულადაა განადგურებული. ღია მოედანზე, ცენტრთან ახლოს უკრაინის შეიარაღებული ძალების დამტვრეული ტექნიკა ყრია – ჯავშანმანქანა „ბოგდანი“, ჯავშანტრანსპორტიორები „ბუცეფალი“.
შიგნით თითქოს გადარჩენილ ნაგებობებში სრული ქაოსია. საამქროში ხანძრის კვალია. კედელზე შემორჩენილა აბრა: „დაიცავი ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესები“. თბოელექტროცენტრალის შენობაში რამდენიმე კედელი ჩამონგრეულია.
თუმცა რაღაც მაინც გადარჩა. სახელოსნოში მზა პროდუქციის დასტები ჭერამდე აწყვია. ესენია მართკუთხა სქელი ფოლადის ფილები. იაფი არ ღირს. როგორც კი ქარხანას განაღმავენ, ფილებს გაიტანენ და გამოიყენებენ. ფოლადი ომით დანგრეული მარიუპოლისთვის აუცილებელია.
არაფერი დარჩება
დონეცკელი ოფიცერი ჰყვება: გარნიზონი პრაქტიკულად ჩაბუდებული იყო საბჭოთა დროის მიწისქვეშა თავშესაფრებში. ასეთი ათობითაა. ერთ-ერთ ბუნკერში შესასვლელი სანახევროდ ჩახერგილია. შიგნით დამწვრის სუნი დგას. კაპიტულაციამდე უკრაინელებმა იარაღი და საბრძოლო მასალები დაწვეს.
ჟურნალისტებს დაჟინებით ურჩევენ, ფეხი არ დაადგან ტანსაცმელს, რადგან იქ შეიძლება ფეთქებადსაშიში „სიურპრიზი“ იმალებოდეს. იარაღის ნაწილის განადგურება ნამდვილად ვერ მოასწრეს. ერთ-ერთ ნაგებობაში ყუმბარებით დატვირთული რამდენიმე ყუთი და სხვა საბრძოლო იარაღია შემორჩენილი.
ბუნკერი ხიზილალით
ამ კონკრეტული ბუნკერით თუ ვიმსჯელებთ, აქ ცუდად არ ცხოვრობდნენ. გენერატორი, სველი წერტილი, საშხაპე. ერთ-ერთი საწყობი სავსეა გაზიანი მინერალური წყლის გაუხსნელი ბოთლებით. ერთი თვის მარაგი იქნება. პროდუქტიც საკმარისია: კონსერვები, მშრალი საკვები...
მაგრამ ბომბებმა, ირგვლივ დასადგურებულმა სიბნელემ, ჭერიდან ჩამოცვენილმა ნამსხვრევებმა, დახმარების არარსებობამ გარნიზონი ფსიქოლოგიურად გატეხა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ტყვედ ჩაბარდა დაახლოებით 2.500 მებრძოლი. ბრძოლა „აზოვსტალისთვის“ დასრულდა. თუმცა სამხედროები ვარაუდობენ, რომ 12 ჰექტარ ტერიტორიაზე დღემდე შეიძლება იმალებოდნენ მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ჯგუფები.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე