ლაშქრობა, საჯომარდო ტური და სხვა აქტივობები უფასოდ - თბილისის მერია ახალ პროგრამას იწყებს

პროგრამა 30 ივნისს დაიწყება და 30 აგვისტომდე ჩათვლით გაგრძელდება.
Sputnik
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით თბილისის მერია 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებისთვის მასშტაბურ საზაფხულო პროგრამას იწყებს. ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მერის თქმით, ახალი პროგრამის ფარგლებში თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებს, მათი ინტერესების გათვალისწინებით, პერიოდულად სხვადასხვა აქტივობას შესთავაზებენ: ლაშქრობებს, საველე ბანაკებს (კემპინგი); საჯომარდო ტურებს; ველოტურებს თბილისთან ახლო მარშრუტებზე; კარტინგებს, მინი გოლფს, სასროლეთს (ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე); მუნიციპალურ საცურაო აუზს (ზღვის უბანში).
პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები უზრუნველყოფილი იქნებიან კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურებით, კვებით, ტრანსპორტით, ეკიპირებით და ყველა საჭირო აღჭურვილობით.

„ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, კონკრეტული პროგრამების შეთავაზება ახალგაზრდებისთვის, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ახალი სპორტული მოედნების გახსნა, სპორტის ხელშეწყობა არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. დარწმუნებული ვარ, ამ პროგრამით ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, თავდაპირველად პროგრამაში 5.000-მდე ახალგაზრდა ჩაერთვება, მონაწილეთა რაოდენობა კი, მოთხოვნის შესაბამისად, ეტაპობრივად გაიზრდება.
თბილისის მერის ინფორმაციით, პროგრამა 30 ივნისს დაიწყება და 30 აგვისტომდე ჩათვლით გაგრძელდება. მსურველები ელექტრონული რეგისტრაციის გავლას 8 ივნისიდან 20 ივნისის ჩათვლით შეძლებენ ვებ-გვერდზე - www.youthtbilisi.ge.