საქართველოში კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

კანონდამრღვევი პირები საქართველოში დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანას ცდილობდნენ.
Sputnik
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. ქართველმა მებაჟეებმა საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ნინოწმინდაზე“ უპრეცედენტოდ დიდი ოდენობის არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მებაჟეებმა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი, უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნის მქონე 3 სატვირთო ავტომობილი გააჩერეს. ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად მისაბმელი კონსტრუქციის იატაკში მოწყობილ სამალავში დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
უწყებაში განაცხადეს, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსული მაღალი რისკის მქონე ტვირთების მკაცრი კონტროლი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.