თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდა, არ გამოიყენონ ბოროტად ციხეებში ვიზიტის უფლება საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, სპიკერის თანხმობით, უფლება აქვთ ნებისმიერ დროს მოინახულონ ციხეში მყოფი ნებისმიერი პატიმარი. „ნაციონალური მოძრაობის“ და ზოგიერთი სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ამ უფლებას ხშირად იყენებს ციხეში მყოფ სააკაშვილთან შესახვედრად.
„რამდენი სამუშაო დღეც არის იანვრიდან, ამდენი ნებართვა მაქვს გაცემული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლაზე. რა თქმა უნდა, ეს არ ემსახურება იმ მიზანს, რაც კანონშია ჩადებული. მოგიწოდებთ, ისარგებლოთ ამ პრივილეგიით იმ თავშეკავებით, რაც მართებს პარლამენტის წევრს და არ გამოიყენოთ ბოროტად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ეს არ უნდა იყოს პარტიულ მეგობრებთან სიარულის ინსტრუმენტი, აღნიშნა მან. სპიკერის თქმით, რიგით ადამიანებს, როდესაც პატიმრის ნახვა სურთ, უწევთ ლოდინი და სხვადასხვა ბარიერების გადალახვა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
ამჟამად ის სასჯელს იხდის სისხლის სამართლის ორ საქმეზე – დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალების საქმეებზე.