მსოფლიო დღეს

ხშირი კოშმარები უკურნებელი დაავადების ადრეული სიმპტომია: დადგინდა მეცნიერული კვლევით

Sputnik
თბილისი, 8 ივნისი − Sputnik. მედიკოსებს დიდი ხნის განმავლობაში მიაჩნდათ, რომ შემაშფოთებელი სიზმრები ნევროლოგიურ დაავადებებს უკავშირდებოდა, განსაკუთრებით, მამაკაცებში, მაგრამ ბრიტანელი მეცნიერების კვლევამ აჩვენა, რომ ხანდაზმულ მამაკაცებში ხშირი კოშმარები, შესაძლოა, პარკინსონის დაავადების განვითარების ადრეული ნიშანი იყოს, იუწყება ჟურნალი Science Alert.
მეცნიერები 12 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 3.818 ხანდაზმული მამაკაცის ჯანმრთელობას. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ საკვლევ პირთაგან მათ, ვისაც ხშირად ესიზმრებოდა კოშმარები, ორჯერ უფრო ხშირად უვითარდებოდათ პარკინსონი.
აღინიშნება, რომ დიაგნოზების უმეტესობა კვლევის პირველი ხუთი წლის განმავლობაში დაფიქსირდა.
პარკინსონის სამი ადრეული ნიშანი ხმასა და მეტყველებაში: ამერიკელი ექიმები განმარტავენ
მეცნიერების თქმით, პარკინსონის განვითარების რისკი შეიძლება დადგინდეს პაციენტის სიზმრების შინაარსით − თუ ის ხშირად ნახულობს კოშმარებს, ე.ი. დაავადების მაღალი რისკი აქვს. ამის შემდეგ ექიმებს უკვე ექნებათ შესაძლებლობა, შეაჩერონ პარკინსონის ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა ტრემორი, მოძრაობის შენელება და შებოჭილობა.
საქმე ისაა, რომ პარკინსონის მკურნალობის ყველაზე დიდი პრობლემა მისი ადრეული დიაგნოსტიკაა. როგორც წესი, იმ დროისათვის, როდესაც პაციენტები ექიმებს ჩივილებით მიმართავენ, დაავადებას უკვე დათრგუნული აქვს დოფამინის წარმომქმნელი ნეირონების 60–80%.
აღინიშნება, რომ ძილსა და პარკინსონის დაავადებას შორის კავშირს მეცნიერები უკვე რამდენიმე წელია სწავლობენ. წინა კვლევებმა აჩვენა, რომ რაც უფრო ხშირად ესიზმრებოდათ პაციენტებს კოშმარები, მით უფრო მაღალი იყო პარკინსონის სწრაფად პროგრესირების ალბათობა.
ირკვევა ისიც, რომ პაციენტთა დაახლოებით მეოთხედს კოშმარები დიაგნოზის დასმამდე ათი წლით ადრე დაეწყო.
წყარო: Science Alert