თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა, შეიწყალოს ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელსაც სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 მაისს ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო. გვარამია „რუსთავი 2“-ის გენდირექტორი იყო 2019 წლის ივლისამდე.
ომბუდსმენმა პრეზიდენტს გვარამიას განაჩენის დეტალების შესწავლის შემდეგ მიმართა. მისი აზრით, სასამართლოს ეს განაჩენი წარმოადგენს „კონსტიტუციით, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით განმტკიცებული კანონიერების პრინციპისა და დასაბუთებულობის სტანდარტის უხეშ დარღვევას“.
უფრო ადრე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას განაჩენი „არ იყო დროული".
პრეზიდენტის აზრით, განაჩენი შეიძლებოდა გადადებულიყო, რადგან საქართველო ელოდება ევროკავშირის გადაწყვეტილებას კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შესახებ. ამასთან, პრეზიდენტმა თავი შეიკავა თავად სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისგან.