ლავროვი: რუსეთი მზადაა უკრაინას ბლოკირებული მარცვლეულის გატანაზე დაელაპარაკოს

Sputnik
თბილისი, 8 ივნისი − Sputnik. რუსეთი მზადაა მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით გამართოს სტამბულში ოთხმხრივი შეხვედრა გაეროსთან, თურქეთთან და უკრაინასთან, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

„რაც შეეხება დამატებით შეხვედრებს სტამბულში, ჩვენ მზად ვართ ასეთი შეხვედრებისთვის. ჩვენ ვაფასებთ გაეროს ინტერესს, რომ როგორმე ჩაერთოს საკითხში, მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვათ, გარდა რაღაც სიმბოლიზმისა, ეს საქმეს ვერაფერს შემატებს“, − აღნიშნა ლავროვმა პრესკონფერენციაზე თურქეთში.

ამასთან რუსმა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ თუ უკრაინა პორტებს განაღმავს, რუსეთი არ გამოიყენებს ამ ვითარებას სამხედრო ოპერაციის ფარგლებში.
„როდესაც, და თუ, უკრაინა წავა პორტების განაღმვაზე და ნებას მისცემს გემებს, გავიდნენ პორტებიდან, ჩვენ არ გამოვიყენებთ ამ სიტუაციას სპეცოპერაციის სასარგებლოდ. ეს რუსეთის პრეზიდენტის გარანტიაა და ჩვენ მზად ვართ ამის გასაფორმებლად ამა თუ იმ სახით“, − განაცხადა ლავროვმა.
მან ასევე გააკეთა კომენტარი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლებლობაზე და აღნიშნა, რომ „ზელენსკის სურს შეხვედრა შეხვედრის მიზნით“, და რომ უკრაინის ლიდერს „კვირაში შვიდი პარასკევი აქვს“.
მსოფლიო დღეს
თურქი მინისტრი: უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტში პროგრესი შეინიშნება, თუმცა...
„ზელენსკიმ უკვე არაერთხელ განაცხადა, ჩვენ განვაახლებთ მოლაპარაკებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსები თავიანთ კონტინგენტს 24 თებერვლის ხაზზე გაიყვანენო. მაგრამ ეს არასერიოზული მიდგომაა. უფრო მეტიც, სრულიად ეწინააღმდეგება იმ ინიციატივებს, რომლებიც თავად უკრაინულმა დელეგაციამ წამოაყენა 29 მარტს აქ, სტამბულში“, − განაცხადა ლავროვმა.
მინისტრს აუცილებლად მიაჩნია, რომ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებმა მოლაპარაკებები განაახლონ.
მანამდე თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის საკითხში გარკვეული პროგრესია, თუმცა არის ტექნიკური საკითხები, რომლებიც განხილვას საჭიროებს.
დღეისათვის უკრაინის პორტებში დაახლოებით 20 მილიონი ტონა ხორბალია ბლოკირებული. მოსკოვი და კიევი ერთმანეთს ადანაშაულებენ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის კუთხით შექმნილ პრობლემებში. გაეროს განცხადებით, მარცვლეულის მიწოდების პრობლემამ შეიძლება გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვიოს.