გამოცხადდა ახალი კონკურსი „სუფთა რეგიონი 2022“

გამარჯვებულები 9 ნომინაციაში გამოვლინდებიან, დაჯილდოება 2023 წლის გაზაფხულზე გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში ახალი კონკურსი „სუფთა რეგიონი 2022“ გამოცხადდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
კონკურსის „სუფთა რეგიონი 2022“ ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდება: ყველაზე „სუფთა რეგიონი“, „სუფთა მუნიციპალიტეტი“, „სუფთა ქალაქი/დაბა“, „სუფთა სოფელი/თემი“, „სუფთა/ლამაზი ქუჩა“, „სუფთა/ლამაზი ეზო“, „სუფთა ლამაზი საწარმოს/დაწესებულების ეზო“, „ლამაზი აივანი“ და „სუფთა ლურჯი ნაკადული“.

„კონკურსში სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება, ის საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, სტიქიური ნაგავსაყრელების შემცირებას და, რაც მთავარია, ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას უწყობს ხელს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა.

კონკურსი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს” ინიციატივითა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით უკვე მეშვიდედ იმართება და მასში მონაწილეობას იღებს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორი.
ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“ თავმჯდომარის ნინო ჩხობაძის განცხადებით, კონკურსის მიზანია ნარჩენების რაოდენობისა და გარემოს დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანის ხელშეწყობა, რაც ქვეყანას ევროპულ სტანდარტებთან დააახლოებს.
დასახელდა საქართველოს ყველაზე სუფთა რეგიონი>>
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ჩამოთვლილი ნომინაციების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალები უნდა გაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: info@greens.ge.
კონკურსის ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისია (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები) შემოსული მასალების საფუძველზე 2022 წლის სუფთა რეგიონის გამარჯვებულს გამოავლენს.
გამარჯვებულების დაჯილდოება 2023 წლის გაზაფხულზე გაიმართება.
მიმდინარე წლის 14 მაისს კონკურსის 2021 წლის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.
ნომინაციაში „სუფთა რეგიონი 2021“ გამარჯვებულად ზედიზედ მეოთხედ კახეთი დასახელდა.
კახეთში „სუფთა რეგიონის“ სტატუსი მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნეს>>
„სუფთა მუნიციპალიტეტი“ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი;
„სუფთა ქალაქი“ - ქალაქი ლაგოდეხი;
„სუფთა დაბა“ - დაბა მესტია.
ნომინაციაში „ლამაზი ეზო" გამარჯვებულები ორ კატეგორიაში გამოვლინდნენ. ყველაზე ლამაზ კერძო ეზოდ სოფელი ცაიშის მცხოვრები ბესიკ პერტაიას ეზო დასახელდა. ხოლო, ორგანიზაციის ყველაზე ლამაზ ეზოდ ღვინის კომპანია „მეღვინეობა ხარებას“ კუთვნილი ეზო.
ასევე გამოვლინდა „სუფთა ქუჩა“, რომლის წოდებაც ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე მერაბ კოსტავას ქუჩას მიენიჭა.