თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. IDS Borjomi-ს გაფიცულმა თანამშრომლებმა უარყვეს გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კომპანიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებზე შეთანხმებას მიაღწიეს, ნათქვამია აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირი „ლაბორის“ (LABOR) განცხადებაში.
ქარხნების გაფიცული თანამშრომლები ითხოვენ ორი თვის ხელფასებს, გათავისუფლებული 50-მდე ადამიანის უპირობოდ დაბრუნებას, უვადო შრომითი ხელშეკრულებების დადებას.
„ვაცხადებთ, რომ არანაირი სახის შეთანხმება არ ყოფილა, უფრო მეტიც, დაირღვა პირობა, რაც გულისხმობდა დასაქმებულებისთვის ნამუშევარი ორი თვის ხელფასების დარიცხვას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გაფიცულებმა კომპანიის ხელმძღვანელობას მოუწოდეს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, ხოლო საქართველოს ხელისუფლებას – დაეხმარონ დაძაბული ვითარების განმუხტვაში.
ამასთან, სამშაბათს კომპანია IDS Borjomi Georgia-ს ხელმძღვანელობამ გაფიცული თანამშრომლები ქარხნების შენობების პიკეტირების დროს აგრესიულობასა და დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა – თითქოს კომპანია უცხოელების დასაქმებას აპირებს.
აქციის მონაწილეებმა სამშაბათს, დილით კვერცხები დაუშინეს ავტობუსს, რომელსაც სამუშაოზე ის თანამშრომლები გადაჰყავდა, რომლებმაც გაფიცვაზე უარი განაცხადეს. წესრიგის უზრუნველსაყოფად ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.
კომპანია „ბორჯომის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბორჯომის ჩამომსხმელი N1 და N2 ქარხნები მუშაობს მინიმალური დატვირთვით, მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის.
კომპანიას სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა ანტირუსული სანქციების გამო. მათი ანგარიშები გაყინულია.
2013 წლიდან IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% ეკუთვნის რუსულ კონსორციუმ „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп), რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა.
აპრილის ბოლოს კომპანიამ IDS Borjomi უკრაინაში შექმნილი სიტუაციით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო საქართველოში წარმოების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა.
კომპანიამ IDS Borjomi Georgia 19 მაისს მაკონტროლებელი კომპანია DS Borjomi International-ის სახელით გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ კომპანია მზადაა თავისი წილის ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს საქართველოს მთავრობას.
მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ პრაქტიკულად უკვე დაასრულა მოლაპარაკებები, საკითხი ერთ კვირაში მთავრობის სხდომაზე გავა და ამით პრობლემა გადაწყდება.