„ფსონები გაიზარდა“: ვაშინგტონმა და ბრიუსელმა მოიფიქრეს, როგორ იყიდონ რუსული ნავთობი

Sputnik
ნატალია დემბინსკაია
ვაშინგტონი და ბრიუსელი უარს ამბობენ რუსულ ნავთობზე, მაგრამ განაგრძობენ მის შეძენას. ევროპელები უკვე დიდი ხანია „ლატვიურ ნაზავს“ იღებენ. ახლა კი ამერიკული კომპანიებიც შემოვლით გზებს ეძებენ. ტრეიდერები წარმატებით მალავენ ნახშირწყალბადების წარმომავლობას.

სამუშაო სქემები

აშშ-ში აპრილიდან მოქმედებს ნახშირწყალბადების იმპორტის აკრძალვა. მაგრამ მაისში ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის ნავსადგურებში, სავარაუდოდ, რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერები შეიყვანეს.
რუსეთთან ნავთობ-გაზის თამაშებმა ევროპა ჩიხში შეიყვანა
როგორც The Wall Street Journal წერს, ტვირთის გადამზიდავები და გადამამუშავებლები მის წარმომავლობას მალავენ, მაგრამ გააქვთ მსოფლიო ბაზარზე. მაგალითად, ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატებში მიიტანეს საწვავი, რომელიც ნაწილობრივ რუსული ნედლეულისგანაა დამზადებული. აშშ-ში ის სუეცის არხის და ატლანტიკის გავლით ინდური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდან მოხვდა. ანალიტიკური კომპანია Refinitiv-ის მონაცემებით და ჰელსინკის ენერგეტიკის კვლევითი ცენტრის ანალიზით, ეს კომპანიები რუსული ნახშირწყალბადების მსხვილი კლიენტები არიან.
შემოვლითი გზებით საწვავი ევროპაშიც შედის. აპრილში Bloomberg-ში აცხადებდნენ, როგორ ახერხებდნენ საწარმოები შეზღუდვების გადალახვას: ტრეიდერები ე.წ. ლატვიური ნაზავით ვაჭრობენ. ნაზავის 50 პროცენტი რუსული ნედლეულია. მათი თქმით, Shell ამას სანქციების დარღვევად არ მიიჩნევს.
ახლა კი გამოჩნდა „ინდური რუსული“ ნავთობი. აპრილში აზიამ პირველად გაუსწრო ევროპას რუსეთიდან ნახშირწყალბადების იმპორტის მაჩვენებლით. განსაკუთრებით ბევრი შეიძინა ინდოეთმა – თებერვლიდან დაახლოებით 62,5 მლნ ბარელი.
კოზირი – რუსეთი ევროპის გასაკოტრებლად მოემზადა
გაზაფხულზე ინდოეთიდან ევროპაში ნავთობპროდუქტების მიწოდება 30%-ით გაიზარდა, აშშ-ში – 43%-ით.
ინდოეთში რესურსების ძირითადი მყიდველები არიან კერძო ნავთობგადამამუშავებლები.
ისინი არ მალავენ, რომ საშინაო გაყიდვების შემცირებისა და საწვავის ექსპორტის აგრესიული მატების ხარჯზე დიდ მოგებას ნახულობენ.
პრინციპში, აზიელებმა სიტუაციით ისარგებლეს: მოიმარაგეს ნავთობი საწყის ფასად და მომგებიანად გაყიდეს ხელახლა. თუმცა რუსეთი არაფერს კარგავს. ნავთობის რეალიზება საჭიროა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპოვების შემცირება იქნება საჭირო. ეს კი ნიშნავს ჭაბურღილების გაყინვას. ხოლო შემდეგ მათი გახსნა უზარმაზარ ხარჯს უდრის. მეტიც, რეკორდული კოტირებების ფონზე ენერგორესურსების ექსპორტიდან მოგება 1,5-ჯერ გაიზარდა. ნავთობმა და გაზმა აპრილში 1,8 ტრილიონი რუბლი მოიტანა. იანვარი–აპრილში ბიუჯეტმა უკვე მიიღო 2022 წლისთვის დაგეგმილი 9,5 ტრილიონი რუბლის ნახევარი.
„ამჟამად ისეთი მაღალი ფასებია, რომ შეგვიძლია თავს ფასდაკლების უფლებაც მივცეთ და „შემოვლითი ექსპორტისაც“. ამასთან, ფასი მომავალშიც მოიმატებს. სადღა შეიძენს ნავთობს დასავლეთი? რჩება ლათინური ამერიკა, აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი. მაგრამ იქიდან ნახშირწყალბადები მხოლოდ ზღვით ტანკერებით გააქვთ“, – ამბობს დამოუკიდებელი ექსპერტი ლეონიდ ხაზანოვი.
რა ელის Airbus-ს რუსეთიდან ტიტანის მიწოდების გარეშე

„რუსული კვალი“

თუმცა ზოგიერთი დამკვირვებელი აღნიშნავს, რომ ინდოეთიდან ნედლეულის ექსპორტი საფრთხის ქვეშაა. დელის ბევრი ნავთობპროდუქტი გააქვს. მაგრამ, როგორც ინდური The Economic Times წერს, ვინაიდან ავსტრალია, აშშ და ევროპა რუსეთისგან საწვავის შეძენაზე აკრძალვას აწესებენ, სანქციებში შეიძლება მოყვეს სხვა ქვეყნების მიერ რუსული ნავთობისგან დამზადებული ნავთობპროდუქტებიც. თუმცა, ექსპერტების თქმით, „რუსული კვალის“ აღმოჩენა მეტად რთული იქნება.
მეორე მომენტია: ევროპა ვერ შეძლებს სწრაფად გადასვლას სხვა რეგიონების ნახშირწყალბადებზე. ამ დროის განმავლობაში შეიძლება ისეთი მწვავე საწვავის დეფიციტი გაჩნდეს, რომ ევროკავშირის ეკონომიკა განადგურდეს. ამიტომ ევროპელებს მოუწევთ თვალის დახუჭვა იმაზე, რა და სადაურ ნაზავს ყიდულობენ.
მოულოდნელი განცხადება გააკეთა ჯო ბაიდენმა. მისი თქმით, დასავლეთში განიხილავენ რუსული ნედლეულის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად შეძენას.
კრემლში უკვე განმარტეს: ამის იმედი ნუ ექნებათ.
ევროპა უარს ამბობს რუსულ ნავთობზე - მოსალოდნელი შედეგების ანალიზი
შვეიცარიის ეკონომიკის მინისტრმა გი პარმელენმა უკვე გამოთქვა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპა ნავთობს სადღაც სხვაგან შეიძენს. რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები დააწესეს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების სწრაფად შეწყვეტის მიზნით, მაგრამ შედეგი ჯერ არ ჩანს. ამასთან, პოლიტიკოსმა ახალი შეზღუდვების გამო ენერგომატარებლების ფასების მორიგი ზრდა იწინასწარმეტყველა. მისი თქმით, ევროპა, რასაკვირველია, შეეცდება სხვა წყაროების მოძიებას, მაგრამ „მზა გადაწყვეტილება ამ მომენტში არავის აქვს“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე