რომელი ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში - ინფექციონისტის განმარტება

ბუწაშვილი კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას, რომ ანტიბიოტიკები ვირუსებზე არ მოქმედებს და მათი ჩართვა მხოლოდ ბაქტერიული ინფექციების დროს არის საჭირო.
Sputnik
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. ბოლო პერიოდში ბევრი ადამიანია ავად სასუნთქი გზების ინფექციებით. ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ექიმის განმარტებით, განსაკუთრებით ხშირია ყელის ტკივილი, სიცხე, კუნთების ტკივილი. სიმპტომები გრძელდება დაახლოებით 5-7 დღე, თუმცა ზოგჯერ უფრო ხანგრძლივია.
როგორც ბუწაშვილი აღნიშნავს, ამ ეტაპზე კვლავ ცირკულირებს სეზონური გრიპის ვირუსები (სიმპტომების მქონეთა 35%-ზე მეტს გრიპი აქვს); რინოვირუსები (რომლებიც ძირითადად სურდოს და ზემო სასუნთქი გზების სხვა სიმპტომებს იწვევს); ადენოვირუსები (რომლებსაც ასევე შეიძლება ახასიათებდეს დიარეა და კონიუნქტივიტი); რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი (განსაკუთრებით მძიმედ მიდის ჩვილ ბავშვებში და ხანდაზმულებში, შეიძლება გართულდეს ქვედა სასუნთქი გზების დაზიანებით) და სხვა ვირუსები.
„ასევე რამდენიმე შეშინებულმა მშობელმა მოგვმართა იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვს ჰქონდა გამონაყარი. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევდა ხელის და ფეხისგულებზე გამონაყარი (რადგან ახლა ხშირად ისმის, რომ მაიმუნის ყვავილს ახასიათებს). თუმცა ეს სიმპტომები ახასიათებს ე.წ. ხელის, ფეხის და პირის ღრუს დაავადებას (hand foot and mouth disease), რომელსაც იწვევს კოქსაკის ვირუსი“, – განმარტავს ინფექციონისტი.
მისი თქმით, არსებობს ცხვირ-ხახის ნაცხის PCR გამოკვლევა 21 პათოგენზე, რომლითაც ზუსტად შეიძლება იდენტიფიცირება, რომელი მიკროორგანიზმი იწვევს სასუნთქი გზების სიმპტომებს.
მაია ბუწაშვილი აღნიშნავს, რომ ჩამოთვლილ ვირუსებს მკურნალობა არ სჭირდება და რჩევები ყველა მათგანის შემთხვევაში იგივეა – მოვერიდოთ ირგვლივ მყოფებს, მივიღოთ სითხე, საჭიროების შემთხვევაში სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი.