თბილისში რეგიონული ენერგეტიკული კონფერენცია გაიმართება

Sputnik
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ენერგეტიკული უსაფრთხოების, საინვესტიციო პოლიტიკის, განახლებადი ენერგიის ეფექტური რეგულირების, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციისა და ტრანსსასაზღვრო ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ თბილისში დაგეგმილი რეგიონული კონფერენციის ფარგლებში, იუწყება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (GNERC).
სასტუმრო Sheraton Grand Tbilisi Metekhi Palace-ში კონფერენცია თემაზე „ინვესტიციები და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზები ენერგეტიკაში“ 14-15 ივნისს ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორია GNERC და ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების, ენერგეტიკული თანამეგობრობის (Energy Community), სხვადასხვა ქვეყნების ენერგეტიკის სექტორების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დონორი და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლები, დარგის ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები.

კონფერენციის მონაწილეები ენერგეტიკის სექტორში დავებისა და მედიაციის პროცესის სტრატეგიული მენეჯმენტის საუკეთესო გამოცდილების შესახებ იმსჯელებენ.
კონფერენციას GNERC-ს თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ენერგეტიკული თანამეგობრობის (Energy Community) წარმომადგენლები გახსნიან.