თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. ძლიერმა წვიმამ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა – დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, გზები, დაისეტყვა ეზოები და ნარგავები.
კერძოდ, ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ გორის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ხანგრძლივი წვიმის შედეგად წარმოქმნილმა ნიაღვრებმა ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი დატბორა. რამდენიმე ქუჩაზე წყალი შევარდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზე. სეტყვა იყო რამდენიმე სოფელში და თავად გორში.
შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის სიმონ გულედანის განცხადებით, ყველაზე საყურადღებო ვითარებაა გორში, კომბინატის დასახლებასა და სოფელ ტინისხიდს შორის არსებულ მონაკვეთზე, სადაც სარკინიგზო გადასასვლელი ხიდის ქვეშ არსებული მონაკვეთი დაიტბორა, რის გამოც მოძრაობა შეფერხებული იყო.
ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის ბრიგადები და მიმდინარეობს ამოტუმბვის სამუშაოები.
სტიქიამ კახეთის რეგიონიც დააზარალა. ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, ძლიერი სეტყვა უჯარმაში დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა, რამაც მოსახლეობა დააზარალა.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ძლიერი წვიმით გამოწვეულმა უხვმა ნალექმა დატბორა საგურამოს ტერიტორია. მათ შორის დაიტბორა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საგურამოს სათავე ნაგებობა, რამაც შექმნა სასმელი წყლის ამღვრევის საფრთხე. სტიქიით გამოწვეული მოვლენების გათვალისწინებით, წყლის ამღვრევის პრევენციის მიზნით, წყალმომარაგება თბილისის დიდ ნაწილს შეუწყდა.