თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. კომპანია IDS Borjomi Georgia-ს ხელმძღვანელობამ გაფიცული თანამშრომლები აგრესიულობასა და დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
IDS Borjomi-ის თანამშრომლები მეორე დღეა N1 და N2 ქარხნების სრულმასშტაბიან პიკეტირებას ახორციელებენ. გაფიცულთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მანამდე არსებული შრომის პირობების აღდგენა და ხელფასების დარიცხვაა.
„პროტესტის მონაწილეების მხრიდან აგრესიული ქმედებები და იმ თანამშრომლების მიმართ ზეწოლა, ვინც ქარხანაში შემოდის და მუშაობას განაგრძობს, კატეგორიულად მიუღებელია“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
კომპანიამ დეზინფორმაცია უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დღეს, დილით პოლიციამ აქციის მონაწილეები დაშალა.
„პოლიცია საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სიტუაციის განმუხტვის მიზნით მოქმედებდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ყველანაირ საფუძველს მოკლებულია ინფორმაცია, თითქოს კომპანია IDS Borjomi Georgia უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებას ახორციელებს“. ქარხნები მინიმალური დატვირთვით, ძირითადად ქართული ბაზრის პროდუქციით უზრუნველყოფის მიზნით მუშაობენ.
2013 წლიდან IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% ეკუთვნის რუსულ კონსორციუმ „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп), რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა.
აპრილის ბოლოს კომპანიამ IDS Borjomi უკრაინაში შექმნილი სიტუაციით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო საქართველოში წარმოების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა. მუშებს ახალი პირობები შესთავაზეს, რასაც მათი ნაწილი არ დაეთანხმა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შედეგად – 50-მდე ადამიანი გაათავისუფლეს.
IDS Borjomi-მა 19 მაისს მაკონტროლებელი კომპანია DS Borjomi International-ის სახელითგამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კომპანია მზადაა თავისი წილის ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს საქართველოს მთავრობას.
6 ივნისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კომპანიასთან მოლაპარაკებები პრაქტიკულად დასრულებულია და საკითხი მთავრობის მომავალი კვირის სხდომაზე გავა – სახელმწიფო IDS Borjomi-ის აქციონერი, თანამფლობელი გახდება და ამით აღნიშნული პრობლემა მოგვარდება.